ფეხბურთი

21:13 | 4.08.2025 | ნანახია [] - ჯერ

"ორბი" ვახო ბედოშვილს და "ნიჟნი ნოვგოროდს" უჩივლებს

ქართველი ფეხბურთელი ვახო ბედოშვილი რუსულ „პარი ნიჟნი ნოვგოროდში“ გადავიდა, რომელთანაც სამწლიანი კონტრაქტი გააფორმა.

ამ ტრანსფერმა ლოგიკურად დიდი რეზონანსი გამოიწვია და დავა სასამართლოში გაგრძელდება. 21 წლის შემტევის სატრანსფერო უფლებები აქამდე საფეხბურთო კლუბ „ორბის“ ეკუთვნოდა, რომელიც ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს.

წერილში აღნიშნულია, რომ ტრანსფერი ფიფას წესდების დარღვევით განხორციელდა და „ორბიც“, როგორც რუსულ კლუბს, ისე ფეხბურთელს, ფიფაში უჩივლებს. განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

„გვსურს საზოგადოებას გავაცნოთ დღეს გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, ჩვენი კლუბის პოზიცია:

ვახო ბედოშვილს ჩვენს კლუბთან ხელშეკრულება აკავშირებდა 2026 წლის 31 დეკემბრამდე. 21 წლამდე ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში ასპარეზობის შემდეგ, ფეხბურთელის ტრანსფერთან დაკავშირებით ოფიციალური შეთავაზება მივიღეთ არაერთი ევროპული კლუბიდან. ერთ-ერთ კლუბთან, ჩვენ და ფეხბურთელმა ერთობლივად შევათანხმეთ, როგორც სატრანსფერო, ასევე, შრომითი ხელშეკრულების პირობები და ხელშეკრულებები მზად იყო ხელმოსაწერად. მომდევნო დღეს გავიგეთ, რომ ფეხბურთელი ჩვენი კლუბის თანხმობის გარეშე გაემგზავრა რუსეთში და მას შემდეგ მასთან დაკავშირება შეუძლებელია.

რამდენიმე დღის წინ მივიღეთ შეტყობინება, რომ ფეხბურთელმა ცალმხრივად შეწყვიტა შრომითი ხელშეკრულება ს.კ. ორბთან და რეგისტრირდება რუსულ საფეხბურთო კლუბში - პარი ნიჟნი ნოვგოროდში.

როგორც ფეხბურთელის, ასევე, პარი ნიჟნი ნოვგოროდის ქმედებები არღვევს ფიფას რეგულაციებს, რითაც ილახება ჩვენი კლუბის კანონიერი ინტერესები.

შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ მივმართოთ ფიფას შესაბამის ორგანოს და დავიწყოთ სამართლებრივი დავა ფეხბურთელის და რუსული კლუბის წინააღმდეგ“, - აღნიშნულია განცხადებაში.

ვახო ბედოშვილმა თავი მიმდინარე სეზონში „გარეჯში“ გამოიჩინა, სადაც იჯარით თამაშობდა, შედეგად, ევროპის 21-წლამდე ჩემპიონატზე საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების განაცხადშიც მოხვდა.

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.096486