ავტორიტეტული გერმანული გამოცემა Bild-ი „ნიურნბერგში“ ლუკა ლოჩოშვილის სადებიუტო მატჩს გამოეხმაურა.
გამოცემა წერს, რომ ლუკა „ნიურნბერგის“ რიგებში ნათელი წერტილი იყო:
„ნათელი წერტილი - ახალწვეული მცველი ლუკა ლოჩოშვილი კლუბის ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშე იყო „ელვერსბერგის“ წინააღმდეგ II ბუნდესლიგის პირველ ტურში (0:1) . ქართველმა ფეხბურთელმა 17-დან 11 ბლოკირება მოახერხა და თანაგუნდელებისთვის გაკეთებული პასების შთამბეჭდავი სიზუსტე ჰქონდა - 90.3%“, - წერს Bild-ი.
ქართველმა ფეხბურთელმა კი, სადებიუტო მატჩის შემდეგ თქვა, რომ ჯერ საუკეთესო ფორმაში არაა, მაგრამ თანდათან მოუმატებს:
„აქ შვებულებიდან ჩამოვედი და გუნდთან ერთად არ მივარჯიშია. ეს ჩემთვის ორი თვის შემდეგ პირველი 90 წუთიანი მატჩი იყო იყო. ყველაფერი კარგად იყო, მაგრამ ჩემი ფიზიკური მდგომარეობა თანდათან გაუმჯობესდება.
ეს ჩვენი პირველი თამაში იყო და ბევრი კარგი რამ ვცადეთ. ეს ოპტიმისტურ განწყობაზე მაყენებს. თუმცა, კიდევ უფრო უკეთ შეგვიძლია თამაში. ამდენი შეცდომის დაშვება არ შეიძლება“, - თქვა ლოჩოშვილმა.
შეგახსენებთ, რომ „ნიურნბერგი“ მომდევნო მატჩს 8 აგვისტოს, საკუთარ მოედანზე „დარმშტადტთან“ ჩაატარებს.