ფეხბურთი

0:51 | 5.08.2025 | ნანახია [] - ჯერ

მამარდაშვილის პირველი თამაში "ენფილდზე": "ლივერპულმა" პრესეზონი დაასრულა

„ლივერპულმა“ პრესეზონის ბოლო ამხანაგური მატჩი „ენფილდ როუდზე“ „ბილბაოსთან“ ჩაატარა.

თავიდანვე ვთქვათ, რომ ამ გუნდებს შორის ორი თამაში შედგა, პირველში სათადარიგო შემადგენლობებით ითამაშეს, რომელშიც ინგლისელებმა 4:1 მოიგეს, ხოლო მეორე შეხვედრაში მოედანზე უფრო ოპტიმალური შემადგენლობებით გავიდნენ. ჩვენც ამ მატჩზე ვისაუბრებთ, რომელშიც გიორგი მამარდაშვილმა შეუცვლელად ითამაშა.

ეს სპარინგი არნე სლოტის გუნდმა 3:2 მოიგო, ხოლო ქართველმა მეკარემ „ენფილდზე“ კარიერაში პირველად ითამაშა. „ლივერპული“ მე-14 წუთზე მოჰამედ სალაჰის გოლით დაწინაურდა, რასაც ბასკებმა ოიჰან სანსეტის გოლით შესვენებამდე უპასუხეს. მეორე ნახევარში კოდი გაკპომ მეორედ დააწინაურა ინგლისური გრანდი, მალევე სანადიმ გაათანაბრა - 2:2. თუმცა, „წითლებმა“ მაინც მოიგეს, 70-ე წუთზე გამარჯვების გოლი გაკპომ გაიტანა. ინგლისელებს მეოთხეს გატანაც შეეძლოთ, მაგრამ მოჰამედ სალაჰმა პენალტი არაზუსტად დაარტყა.

გოლის შანსი „ბილბაოსაც“ ჰქონდა მატჩის მიწურულს, თუმცა, მამარდაშვილმა შესანიშნავ ნახტომში ბურთი კუთხურზე მოიგერია. ქართველ მეკარეს ეს ერთი მოგერიება ჰქონდა. კიდევ იყო ბოლო წუთზე ერთი მომენტი, როცა დიდებულად გაისარჯა, მაგრამ თამაშგარე დაფიქსირდა.

„ლივერპულმა“ ამ მატჩით პრესეზონი დაასრულა და 10 აგვისტოს სეზონში პირველ ოფიციალურ შეხვედრას ჩაატარებს, როდესაც ინგლისის სუპერთასზე „კრისტალ პალასს“ შეხვდება, ხოლო 15 აგვისტოს პრემიერლიგის პირველ ტურში „ბორნმუთს“ უმასპინძლებს.

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.092738