„პორტუს“ და პორტუგალიის ნაკრების ყოფილი მცველი ჟორჟე კოშტა 53 წლის ასაკში გულის შეტევით გარდაიცვალა.
დღეს, „პორტუს“ ვარჯიშის დასრულების შემდეგ კოშტამ თავი შეუძლოდ იგრძნო, საავადმყოფოში გადაიყვანეს, მაგრამ ექიმებმა ის ვერ გადაარჩინეს.
ჟორჟე კოშტამ „პენაფიელში“, „მარიტიმუში“, „ჩარლტონსა“ და „სტანდარდშიც“ ითამაშა, მაგრამ კარიერის საუკეთესო პერიოდი 1992-2005 წლებში „პორტუში“ გაატარა, რომელშიც კაპიტნის რანგში 2003 წელს უეფას თასი და 2004 წელს ჩემპიონთა ლიგა მოიგო. „დრაკონების“ ღირსება მან 383-ჯერ დაიცვა და 25 გოლი გაიტანა, ხოლო პორტუგალიის ნაკრებში 1992-2002 წლებში 50 თამაშში მიიღო მონაწილეობა (2 გოლი).
საფეხბურთო კარიერის შემდეგ მან მწვრთნელობა დაიწყო და როგორც პორტუგალიაში, ისე საზღვარგარეთ დაბალი დონის გუნდებს წვრთნიდა, ხოლო 2024 წელს „პორტუში“ დაბრუნდა, სადაც გენერალური დირექტორის პოზიციაზე მუშაობდა.