ქართველმა ფეხბურთელმა გიორგი არაბიძემ „ულსან ჰიუნდაის“ ფიფაში დავა მოუგო. ამის შესახებ სამხრეთკორეული მედია იტყობინება.
ქართველი შემტევი „ულსანს“ ერთი წლის წინ შეუერთდა, მაგრამ თებერვალში კლუბის დატოვება მოუწია, რადგან დიდი ხნის განმავლობაში მას თამაშის შესაძლებლობას არ აძლევდნენ.
შედეგად, არაბიძემ კლუბს ფიფაში უჩივლა კონტრაქტის პირობების დარღვევისთვის და როგორც ცნობილი გახდა, დავა მოიგო. „ულსანმა“ გიორგის 2.5 მილიონი ევრო კომპენსაციის სახით უნდა გადაუხადოს. თავის მხრივ, კლუბი ფიფას გადაწყვეტილებას სპორტულ არბიტრაჟში გაასაჩივრებს.
გიორგი არაბიძემ „ულსან ჰიუნდაიში“ 2024 წელს 10 მატჩში 2 გოლის გატანა მოახერხა. 27 წლის ფეხბურთელი ამჟამად უგუნდოდაა.