ინგლისის ჩემპიონშიფის ახალი 2025-2026 წლების სეზონი ხვალიდან აიღებს სტარტს. ამასთან დაკავშირებით BBC-იმ ვრცელი სტატია გამოაქვეყნა, სადაც გამოცემა თითოეულ გუნდზე წერს და მათ ძლიერ თუ სუსტ მხარეებს განიხილავს. ჩვენთვის ყველასთვის საინტერესო რაღა თქმა უნდა "უოტფორდია", რომლის ღირსებასაც საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი გიორგი ჩაკვეტაძე იცავს.
გამოცემის თქმით, "უოტფორდს" შეუძლია, რომ ახალ სეზონში მაღალი მიზნებისთვის იბრძოლოს, რადგან გუნდის ხელმძღვანელობამ შემადგენლობის ძირითადი ბირთვის შენარჩუნება მოახერხა, თუმცა არის რაღაცები რაც უნდა გამოსწორდეს.
"მოლოდინები "უოტფორდისგან"? გაცილებით მაღალია, ვიდრე ეს 12 თვის წინ იყო. „უოტფორდმა“ შეინარჩუნა სამი საუკეთესო მოთამაშე, გიორგი ჩაკვეტაძე, კვადვო ბაა და იმრან ლუზა. ეს ფეხბურთელები გასულ სეზონში გუნდის მთავარი მოთამაშეები იყვნენ, ამასთან მათ დაიმატეს კიდევ რამდენიმე საინტერესო შემტევი მოთამაშე, ამიტომ შესაძლებელია პრემიერლიგაში დაწინაურებაზე იფიქრონ."
"ძლიერი მხარეები? იმ შემთხვევაში თუ, გიორგი ჩაკვეტაძე გოლების გატანას და საგოლე გადაცემების გაკეთებას მოუმატებს, მას აქვს შესაძლებლობა, გახდეს ჩემპიონშიფის საუკეთესო მოთამაშე. ბაას დაუმუშავებელი ნიჭი და ფეთქებადი სისწრაფე ნიშნავს, რომ „უოტფორდს“ მოედნის ორივე მხარეს განსხვავებული ხარისხის მოთამაშეები ეყოლებათ, რომლებსაც მატჩის ბედის გადაწყვეტა შეუძლიათ."
"სუსტი მხარეები? „უოტფორდს“ ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში სეზონის მეორე წრეში თამაში უჭირს. ისინი ძალიან ცუდად გამოიყურებიან და ბევრ ქულას ჰკარგავენ და თუ წელს უნდათ, რომ კონკურენტუნარიანები იყვნენ, ეს უნდა შეწყდეს. ამასთან ერთად, მათი დაცვა ცოტა სუსტი ჩანს, განსაკუთრებით - მარჯვენა ფლანგი."
"განსხვავების შემქმნელი? უმეტესობა, როგორც წესი, შემტევ მოთამაშეს აირჩევდა, მაგრამ „უოტფორდს“ ბევრი ასეთი ჰყავს. მათ სჭირდებათ ისეთი მოთამაშე, რომელიც ნახევარდაცვის ცენტრში გამორჩეული იქნება, შეასრულებს დაცვით სამუშაოებს და შემტევ ფეხბურთელებს მისცემს საშუალებას უფრო მეტად შეტევაზე იფიქრონ." - წერს გამოცემა "უოტფორდზე" და გიორგი ჩაკვეტაძეზე.
შეგახსენებთ, რომ გიორგი ჩაკვეტაძის "უოტფორდი" ახალი სეზონის პირველ მატჩს 9 აგვისტოს სტუმრად გამართავს, სადაც მათი მოწინააღმდეგე ლიგაში ახლად აღზევებული "ჩარლტონი" იქნება.