ფეხბურთი

11:05 | 8.08.2025 | ნანახია [] - ჯერ

ფიფას ტალანტების განვითარების სქემის კოორდინატორის ვიზიტი საქართველოში

ფიფას ტალანტების განვითარების სქემის რეგიონალური კოორდინატორი, მარიანს პაჰარსი სამდღიანი სამუშაო ვიზიტით საქართველოში იმყოფებოდა.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მენეჯმენტის წევრებთან სამუშაო შეხვედრების ფარგლებში განხილული იქნა საქართველოს ჩართვის შესაძლებლობა ფიფას გლობალურ პროგრამაში, რომელიც მიზნად ისახავს მსოფლიო მასშტაბით ტალანტების აღმოჩენასა და განვითარებას.

სამუშაო შეხვედრებში მონაწილეობდნენ სფფ-ის პირველი ვიცე-პრეზიდენტი კახა ჭუმბურიძე, ვიცე-პრეზიდენტი ზაზა ზამთარაძე და ტექნიკური დირექტორი გოჩა თამაზაშვილი. ვიზიტის დასკვნით დღეს პაჰარსი სფფ-ის გენერალურ მდივანს, დავით მუჯირს შეხვდა.

ვიზიტის ფარგლებში მარიანს პაჰარსი სფფ-ის ქუთაისის აკადემიას ესტუმრა, სადაც შეხვდა მწვრთნელებს და დაესწრო სავარჯიშო პროცესს.

დავით მუჯირი (სფფ-ის გენერალური მდივანი): „საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ძალიან დიდ ყურადღებას უთმობს ახალგაზრდული ფეხბურთის განვითარებას. მნიშვნელოვანია, რომ ამ კუთხით ვთანამშრომლობთ ფიფასთან და უეფასთან.

მინდა მადლობა გადავუხადო ფიფას ტალანტების განვითარების სქემის რეგიონალური კოორდინატორს, მარიანს პაჰარსს ვიზიტისთვის. ფიფას მხარდაჭერას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ჩვენთვის. არსენ ვენგერის ხელმძღვანელობით ეს განყოფილება ჩვენს აკადემიებს დადებითად აფასებს. ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ახალგაზრდული ფეხბურთის განვითარდეს გაგრძელდეს და მუდმივი შევსება მიიღონ ასაკობრივმა და ეროვნულმა ნაკრებმა".

მარიანს პაჰარსი (ფიფა): „ჩემი ვიზიტის მთავარი მიზანი ტალანტების განვითარების სქემის პროგრამაა. ეს ფიფას შესანიშნავი ინიციატივაა, რომელიც მიზნად ისახავს გამორჩეული ნიჭის მქონე ფეხბურთელების მხარდაჭერას და აკეთებს ყველაფერს ფედერაციებისთვის, რათა მათ გაზარდონ საკუთარი ნაკრებების პოტენციალი.

ვფიქრობ, ბოლო წლებში საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი საოცარია. გასულ წელს, ერთად ვზეიმობდით საქართველოს ნაკრების გასვლას და წარმატებულ ასპარეზობას ევროპის ჩემპიონატზე. ეს აჩვენებს პროფესიონალიზმს და ქართული ფეხბურთის განვითარებისთვის გაწეული სამუშაოს ხარისხს. თუმცა, მთავარი ის ადამიანები არიან, საფეხბურთო ენთუზიასტები, რომლებიც აქ მუშაობენ და სურთ შეცვალონ საფეხბურთო ეკოსისტემა ქვეყანაში.

მჯერა, რომ საქართველოს ძალიან დიდი პოტენციალი აქვს. საჭიროა მუშაობის გაგრძელება და გარკვეული სეგმენტების განვითარება. ფიფა და პირადად მე, როგორც ტალანტების განვითარების პროექტის კოორდინატორი, ყველაფერს გავაკეთებთ საქართველოს მხარდასაჭერად“.

GFF.GE

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.093853