„უდინეზეში“ საბა გოგლიჩიძის არაოფიციალური დებიუტი შედგა. იტალიური კლუბი ამხანაგურ შეხვედრაში დღეს ბრემენის „ვერდერს“ დაუპირისპირდა.
მატჩი უდინელებმა 1:0 მოიგეს, გამარჯვების გოლი მეოთხე წუთზე სიმონე პაფუნდიმ გაიტანა. საბა ძირითად შემადგენლობაში იყო და მეორე ტაიმის მე-16 წუთზე შეცვალეს. აღსანიშნავია, რომ თამაშს არასტანდარტული ფორმა ჰქონდა - გუნდებმა 30-წუთიანი ტაიმები ითამაშეს, სულ 60 წუთი.
ამ გუნდებმა საღამოს კიდევ ერთი სპარინგი გამართეს, ისევ უდინელებმა იმარჯვეს (2:1), საბას არ უთამაშია, რაც ბუნებრივია, რადგან ის მოედანზე პირველ მატჩში იყო.
„უდინეზე“ სეზონს 18 აგვისტოს, იტალიის თასზე „კარარეზესთან“ დაპირისპირებით დაიწყებს, ხოლო სერია A-ს პირველ ტურში 25 აგვისტოს „ვერონას“ უმასპინძლებს. საბა გოგლიჩიძე „უდინეზეს“ „ემპოლიდან“ შეუერთდა და 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.