ფეხბურთი

18:48 | 9.08.2025 | ნანახია [] - ჯერ

ვილი სანიოლის თანაშემწე მამარდაშვილზე, კვარაცხელიასა და საქართველოს ნაკრებზე...

საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის ვილი სანიოლის თანაშემწემ დევიდ უებმა Flashscore-ს საიტს ინტერვიუ მისცა, რომელშიც გიორგი მამარდაშვილზე, ხვიჩა კვარაცხელიასა და საქართველოს ნაკრებში არსებულ გარემოზე ისაუბრა.

გიორგი მამარდაშვილზე

„ვფიქრობ, ეს მისთვის (ლივერპულის პირველი მეკარეობა) მიზანია, მაგრამ მანამდე მისი პირველი მიზანი კლუბში დამკვიდრებაა. მან იცის, რომ ალისონი მსოფლიო კლასის მეკარეა, მაგრამ მას აქვს შესაძლებლობა, ისწავლოს და ამ ადგილისთვის იბრძოლოს.

ჩვენთვის, საქართველოში, ის ფანტასტიკური მეკარეა. მას მე დიდი თამაშების მეკარეს დავარქმევდი. ასე რომ, განსაკუთრებით ევროპის ჩემპიონატზე, ის მნიშვნელოვან მომენტებში მზად იყო, მნიშვნელოვანი სეივები განახორციელა და ჩვენი გუნდისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. გიორგის ასევე გამორჩეული ხასიათი აქვს. მისი შრომისმოყვარეობა ფენომენალურია. და, ვფიქრობ, ამის დასტურია, თუ სად არის ის ახლა და სად შეიძლება იყოს პოტენციურად მომავალში. ასეთი ნიჭის და შესაძლებლობების ფეხბურთელის ყოლა ჩვენთვის შესანიშნავია, ის ნამდვილად გვეხმარება. როდესაც გყავს მოთამაშე, რომელსაც შეუძლია გოლების გატანა და მეორე მხრივ, რომელსაც შეუძლია გოლებისგან გუნდის გადარჩენა, როგორც მწვრთნელს, ეს ნამდვილად გაძლევს გარკვეულ ნდობას და თავდაჯერებას“.

ხვიჩა კვარაცხელიაზე

„ვხედავთ, როგორ გაუმჯობესდა ის ბოლო ორი-სამი წლის განმავლობაში, არა მხოლოდ ბურთით და ცხადია, მისი გავლენით დიდ თამაშებზე, არამედ მისი მუშაობის ტემპითაც. თუ მის სტატისტიკას ბურთის გარეშე დააკვირდებით, განსაკუთრებით ჩემპიონთა ლიგის თამაშების დროს, ეს ფენომენალური იყო.

ვფიქრობ, როდესაც ხედავ, როგორ მუშაობენ დიდი მოთამაშეები, განსაკუთრებით ბურთის გარეშე, ეს მხოლოდ სტანდარტებს ამაღლებს ყველა დანარჩენისთვის, რადგან ვიცით, რომ მას შეუძლია მაგიის შექმნა შეტევაში, მაგრამ თამაშის ნაწილია თანაგუნდელების დახმარება, როდესაც ბურთი არ გაქვს და ის ამას საოცრად აკეთებს“.

საქართველოს ნაკრებზე

„საქართველოს ეროვნული ნაკრების კარგი მხარე ის არის, რომ დინამიკა მართლაც ძლიერია. დინამიკა იმაში მდგომარეობს, რომ ყველა ყველას მხარესაა. ეს ძალიან მჭიდრო ერია, რადგან ყველა ერთმანეთს უჭერს მხარს. გუნდში საერთოდ არ არის ეგო, განსაკუთრებით ჩვენი ზოგიერთი დიდი ფეხბურთელის მხრიდან, რომლებიც უფრო დიდ კლუბებში თამაშობენ.

ამ პერიოდის განმავლობაში შევინარჩუნეთ ის, რაც გვსურდა და ფეხბურთელებმა ეს უნდა დაიცვან - იქნება ეს პსჟ-ში, „უოტფორდში“, „ლიონში“, „სპორტინგში“ თუ სხვა კლუბებში, ყველასთვის ერთ დონეზე კონკურენციაა საჭირო.

გაგვიმართლა, რომ გუნდში ეგო არ არის. ეს ნამდვილად მჭიდრო ჯგუფია, რადგან ამ მოთამაშეთა უმეტესობას ერთმანეთთან ახალგაზრდულ, ასაკობრივ ნაკრებეშიც უთამაშია. ბევრი მათგანი უბრალოდ თანაგუნდელი კი არა, მეგობარიცაა, ამიტომ ატმოსფერო, გარემო და კულტურა მწვრთნელებისთვის ნამდვილად კარგია“.

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.098927