„ინტერის“ სპორტულმა დირექტორმა პიერო აუზილიომ განაცხადა, რომ მის კარიერაში ყველაზე დიდი შეცდომა ხვიჩა კვარაცხელიასთან მიმართებაში დაუშვა.
„ინტერს“ კვარა ჯერ კიდევ „რუბინში“ თამაშის პერიოდში შესთავაზეს, თუმცა, როგორც ირკვევა, აუზილიომ მილანურ გუნდში მის დამატებაზე უარი თქვა. როგორ განვითარდა ამის შემდეგ კვარას კარიერა, ყველამ კარგად იცის:
„ყველაზე დიდი შეცდომა, რომელიც ტრანსფერებზე დავუშვი? კვარაცხელია. თუმცა, მე არ ვარ ერთადერთი, ვინც შეცდომა დაუშვა. ის იტალიის ბევრ დიდ კლუბს შესთავაზეს. უბრალოდ, ჩვენ 3-5-2 სქემით ვთამაშობდით და ის 4-3-3 სქემის ფეხბურთელია, ამიტომაც არ ავიყვანეთ“, - თქვა აუზილიომ.
შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელია 2022 წელს „ნაპოლიში“ 10 მილიონ ევროდ გადავიდა, ხოლო წელს პსჟ-ში 80 მილიონ ევროდ გაყიდეს. ნეაპოლურ კლუბში ქართველმა ფეხბურთელმა შესანიშნავად ითამაშა და იტალიის ჩემპიონიც გახდა.