„პარი სენ-ჟერმენში“ ჯანლუიჯი დონარუმას თავგადასავალი სრულდება. ლუკა შევალიეს ტრანსფერმა და კონტრაქტის განახლებაზე შეუთანხმებლობამ იტალიელი მეკარე პრაქტიკულად ტრანსფერზე დააყენა.
გარდა ამისა, ფრანგულ მედიაში წერენ, რომ ლუის ენრიკეს დონარუმა არ მოსწონდა, რადგან ფეხით თამაში მისი ძლიერი მხარე არაა, განსხვავებით შევალიესგან, შესაბამისად, ესპანელის მოთხოვნა იყო 23 წლის ფრანგის ტრანსფერიც.
დონარუმას პსჟ-სთან კონტრაქტი გაისად ეწურება და კლუბის მის გაყიდვას მიმდინარე თვეში ეცდება. რამდენიმე კლუბია, სადაც შეიძლება ის გადავიდეს, ჯერ კონკრეტული არაფერია, მაგრამ უახლოეს დღეებში შეიძლება სიტუაცია შეიცვალოს.
თავიდანვე ვთქვათ, რომ იტალიაში ჯიჯოს დაბრუნება პრაქტიკულად გამორიცხულია, ადრე იყო საუბარი „ინტერზე“, მაგრამ მილანურ გრანდს ორი მაღალი დონის მეკარე უკვე ჰყავს. დონარუმას ფასი ვინაიდან კონტრაქტი გაისად ეწურება, ახლა მხოლოდ დაახლოებით 20 მილიონი ევროა, რაც ძალიან დაბალი ღირებულებაა მის კლასთან შედარებით. თუმცა, იტალიური კლუბებისთვის პრობლემა დონარუმას ხელფასია.
შესაბამისად, მოსალოდნელია, რომ ისევ უცხოეთში ითამაშებს: ამ ეტაპზე ყველაზე რეალური ვარიანტია „მანჩესტერ იუნაიტედი“, სადაც ანდრე ონანას თამაშით კმაყოფილი არ არიან და რუბენ ამორიმის გუნდს არც ფინანსური პრობლემები აქვს. არის „მანჩესტერ სიტის“ ვარიანტიც, თუმცა ეს ყველაზე რთულია, რადგან პეპ გვარდიოლას ფეხით კარგად მოთამაშე მეკარე სჭირდება, თანაც, „სიტის“ ჰყავს ედერსონი, ცოტა ხნის წინ ჯეიმს ტრაფორდიც დაიმატა და გუნდშია შტეფან ორტეგაც.
საუბარია „ჩელსიზეც“, რომელიც შეიძლება უფრო კონკრეტული ვარიანტი გახდეს. ასევე ახსენეს „გალათასარაიც“. თურქული კლუბი ფერნანდო მუსლერას წასვლის შემდეგ მეკარეს ეძებს და არც ფინანსური შეზღუდვები აქვს.
მადრიდის „რეალი“ და მიუნხენის „ბაიერნიც“ გასათვალისწინებელი ვარიანტებია, მაგრამ ჯერჯერობით, ამ კლუბებში ტიბო კურტუასა და მანუელ ნოიერს მყარი პოზიციები აქვთ. ესპანურ და გერმანულ გრანდში დონარუმას გადასვლა უფრო რეალური გაისად იქნება, თუ პსჟ-ში დარჩება და 2026 წელს თავისუფალი აგენტი გახდება.
შეგახსენებთ, რომ ჯანლუიჯი დონარუმა პსჟ-ს 2021 წელს უფასოდ შეუერთდა და მას შემდეგ 161 მატჩში მიიღო მონაწილეობა.