საქართველოს საკალათბურთო ნაკრები ევროპის ჩემპიონატისთვის მზადებას აგრძელებს და ლიეტუვაში შეკრებაზეა, სადაც ადგილობრივ ნაკრებს გაეჯიბრა.
ალექსანდრ ჯიკიჩის გუნდი ისევ დამარცხდა. ისრაელსა და ესტონეთთან მარცხს ლიეტუვასთან წაგებაც მოჰყვა, რაც მოსალოდნელი იყო. კლასში სხვაობაა, თანაც, საქართველომ თორნიკე შენგელიას გარეშე ითამაშა.
ლიეტუვა მთელი თამაში დიდ უპირატესობას ფლობდა, მხოლოდ პირველი პერიოდი იყო მეტ-ნაკლებად თანაბარი, რომელიც ბალტიისპირელებმა 19:16 მოიგეს. შემდეგ ლიეტუვამ ყველაფერში აჯობა საქართველოს ნაკრებს. მესამე პერიოდის სამი ქულით მოგებით ჯიკიჩის შეგირდებმა თითქოს თამაში დაძაბეს, ჩამორჩენა მხოლოდ 8 ქულა იყო, თუმცა მეოთხე პერიოდი ლიეტუვამ 15 ქულით მოიგო და საბოლოოდ, 23 ქულით, 77:54 გაიმარჯვა. 54 ქულა თამაშში - კატასტროფული მაჩვენებელია.
საქართველოს ნაკრებში 15 ქულით გამოირჩა სანდრო მამუკელაშვილი, გოგა ბითაძეს 8 ქულა ჰქონდა, ბექა ბურჯანაძეს 9, ხოლო კამარ ბოლდუინს - 7.
საქართველოს ნაკრები მომდევნო ტესტ-მატჩს 14 აგვისტოს პოლონეთთან გამართავს, ხოლო 19-21 აგვისტოს ორჯერ ჩეხეთს გაეჯიბრება.
ევროპის ჩემპიონატზე საქართველო ჯგუფში ესპანეთს, იტალიას, საბერძნეთს, კვიპროსს და ბოსნიას შეხვდება.
ლიეტუვა - საქართველო 77:54 (19:16, 21:13, 13:16, 24:9)