ფეხბურთი

10:45 | 11.08.2025 | ნანახია [] - ჯერ

როდემდე?!

ბავშვობის შემდეგ ქუთაისში სტადიონზე არ ვყოფილვარ. პირველად კი, მაშინ გახლდით, როდესაც ჩემი უბნის გუნდი - „მერანი 91“ (თუ არ ვცდები 1997 წლის შემოდგომაზე) მოძლიერებულ „ტორპედოს“ შეხვდა და იქაური ტკბილ-მწარე მოგონებებიც დღემდე მომყვება. მწარე რატომ იყო, თავადაც მიხვდებით, ტკბილი კი იმიტომ, რომ ვნახე ფეხბურთზე შეყვარებული ქალაქი და რიგითი ადამიანები, რომლებსაც წვიმიან დღეს, მაშინ არცთუ მოვლილი სტადიონის ტრიბუნები გაევსოთ, გავსებულ სტადიონზე თამაშის ცქერა კი, მაშინ დიდი და დაუვიწყარი სიხარულის მომტანი რამ გახლდათ.

ქუთაისის რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე „ტორპედო“-„ომონიას“ 31 ივლისის შეხვედრის დაწყებამდე ერთი საათით ადრე მივედი და პირველი სიხარული რამაც მომგვარა, ახლადგარემონტებული შესანიშნავი სტადიონი, სტადიონის ეზო და გემრიელად მოვლილი მინდორი იყო. შემდეგ, როდესაც ტრიბუნები თანდათან შეივსო და ფაქტობრივად, ანშლაგის მომსწრენი გავხდით, ქუთაისელ ქომაგებზე ნაკლებად არც ჩვენ გაგვხარებია ეს ამბავი.

კიდევ ის გამიხარდა, რომ მოსული ქომაგების უმეტესობა ახალგაზრდები ან სულაც ბავშვები იყვნენ და ქუთაისის გარდა ქომაგები ჩამოსული იყვნენ თითქმის მთელი საქართველოდან იმის იმედით, რომ ნახავდნენ რაიმე საინტერესოს, მნიშვნელოვანსა და ისეთს, ქუთაისური პაპანაქება სიცხის შემდეგ გრილი საღამო ცხოვრებიდან წასაშლელ დღედ მაინც რომ არ მიგვეჩნია. ეს ადამიანები იმსახურებენ პატივისცემას და დაფასებას პირველყოვლისა „ტორპედოს“ ფეხბურთელებისა და ხელმძღვანელობის მხრიდან. თამაშიდან გამომდინარე კი, ყველაფერი ვნახეთ გარდა ქომაგის დაფასებისა და თუნდაც იოტისოდენა განცდისა, რომ კვიპროსის, თუნდაც შენზე ობიექტურად ძლიერ გუნდთან ასე სამარცხვინოდ მარცხი მთელს ქვეყანას გვასხამს თავსლაფს. გამოგიტყდებით, გულში მეც ვგრძნობდი და ვიცოდი, რომ „ტორპედოს“ ძალიან გაუჭირდებოდა მისთვის ესოდენ დანავსული „ომონიას“ ბარიერის გადალახვა, მაგრამ ამის გარდა ხომ არსებობს ღირსება, სინდისი... თავმოყვარეობა ბოლოსდაბოლოს?!

რა დააშავეს იმ უმაგრესმა ახალგაზრდებმა, ვინც ზაფხულის საღამოს სხვადასხვა გზებით გართობას, „ტორპედოს“ მხარდაჭერა ამჯობინეს? რა დააშავა ჩემს წინ მჯდომმა ლურჯპერანგიანმა ასაკოვანმა კაცმა, რომელიც ცრემლებს ვერ იკავებდა? რა დააშავა ქალაქმა ქუთაისმა, რომელსაც გაუჩნდა იმედი, რომ ამ საოცარ ქალაქში დაბრუნდებოდა ესოდენ მონატრებული ფეხბურთი? რა დააშავა ქუთაისის გარდა საქართველოს სხვადასხვა კუთხეებიდან ჩასულმა ხალხმა, რომელმაც არ დაიშურა ბილეთებში თანხა, ტრანსპორტისა თუ ბენზინის ფული, რათა საკუთარი თვალით ენახა (ბევრი ალბათ პირველადაც იყო) ქუთაისის მრავლისმნახველ სტადიონზე იქაური ლეგენდარული ქომაგები და „ტორპედო“, რომელიც მსოფლიო გრანდი არასდროს ყოფილა, მაგრამ მუდამ თავმოყვარე გუნდი იყო და საბჭოთა პერიოდშიც კი, ყველამ იცოდა, რომ ქუთაისელებთან გამარჯვება არასოდროს ყოფილა იოლი საქმე (მეტოქეებს განსაკუთრებით ქუთაისის სტადიონზე უჭირდათ გამარჯვებაზე ოცნება).

ზოგადად, რა დააშავა ქართველმა ხალხმა, რომელიც ამდენი წელია უყურებს მარაზმს, სახელად - ქართული საკლუბო ფეხბურთი და არავის უნდა აიღოს საკუთარ თავზე პასუხისმგებლობა ევროტურნირებზე ნაჩვენებ საშინელ შედეგებზე.

როდემდე შეიძლება გაგრძელდეს ეს თავსლაფი? როდემდე?!

თეგებიტორპედო
სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.096592