გერმანელი მცველი მატს ჰუმელსი ფეხბურთიდან „სიგნალ იდუნა პარკზე“ გააცილეს.
ჰუმელსმა კარიერის დასრულების შესახებ რამდენიმე თვის წინ გამოაცხადა, როდესაც „რომა“ დატოვა, მაგრამ „დორტმუნდმა“ მას საჩუქარი გაუკეთა და „სიგნალ იდუნა პარკზე“ სიმბოლურად თამაშის შესაძლებლობა მისცა.
ჰუმელსი ცხადია, არ ირიცხება ამჟამად „დორტმუნდში“, მაგრამ გერმანულ გუნდს „იუვენტუსთან“ ამხანაგურ მატჩში, რომელიც იტალიურმა გრანდმა ანდრეა კამბიაზოს დუბლით 2:1 მოიგო, უკაპიტნა. მატსი მოედანზე სულ 17 წუთი იყო, შემდეგ შეცვალეს.
ორივე გუნდმა მას საპატიო დერეფანი მოუწყო, ტრიბუნებმა კი, აპლოდისმეტებით გააცილა ლეგენდარული მცველი.
შეგახსენებთ, რომ მატს ჰუმელსმა კარიერის განმავლობაში „დორტმუნდში“, „ბაიერნსა“ და „რომაში“ ითამაშა, ხოლო გერმანიის ნაკრების მაისურით 78 მატჩში 5 გოლი გაიტანა. „დორტმუნდის“ რიგებში ჰუმელსმა 408 მატჩში 37 გოლი გაიტანა.