ჯანლუიჯი დონარუმა ევროპის სუპერთასზე „ტოტენჰემის“ წინააღმდეგ ვერ ითამაშებს. მიზეზი ისაა, რომ პსჟ-მ ის განაცხადში არ შეიყვანა.
ეს მკაფიო ნიშანია, რომ 26 წლის მეკარე ფრანგული კლუბის გეგმებში არ შედის. კონტრაქტზე შეუთანხმებლობამ ყველაფერი გააფუჭა, რის გამოც დონარუმა 100%-ით დატოვებს კლუბს, მაგრამ ახლა ისაა გასარკვევი, როდის - წელს თუ გაისად.
პსჟ-მ დონარუმას შემცვლელი, ლუკა შევალიე „ლილიდან“ 40 მილიონ ევროდ უკვე იყიდა. ლუის ენრიკესაც ფრანგი კიპერის სტილი უფრო მოსწონს, ფეხით კარგად თამაშის უნარის გამო, ვიდრე იტალიელის, რომელმაც გასულ სეზონში პსჟ-ს ტრიუმფში ძალიან დიდი წვლილი შეიტანა.
უცნობია, სად გაგრძელდება დონარუმას კარიერა, ბევრი გუნდი დაასახელეს - „მანჩესტერ სიტი“, „მანჩესტერ იუნაიტედი“, „გალათასარაი“, „ინტერი“, „ბაიერნი“.
შეგახსენებთ, რომ ჯანლუიჯი დონარუმა პსჟ-მ 2021 წელს სწორედ თავისუფალი აგენტის სტატუსით დაიმატა მას შემდეგ, რაც მაშინ „მილანთან“ კონტრაქტი ამოეწურა. პარიზულ გუნდში იტალიელმა 161 მატჩი ჩაატარა.