საქართველოს ეროვნული ლიგის მეოცე ტური „გარეჯისა“ და „დინამო ბათუმის“ მატჩით დასრულდა, რომელიც სტუმრებმა 1:0 მოიგეს.
მეორე ტაიმის დასაწყისში, 58-ე წუთზე ლევან ხოზრევანიძემ გაიტანა ერთადერთი გოლი. 19 წლის ფეხბურთელმა მეორე მატჩი ჩაატარა ეროვნულ ლიგაში და მეორედ შეძლო გოლის გატანა. ერთხელ მან თასზეც გაიტანა. ასე რომ, ფინანსური კრიზისით მიღებულ შანსს ბათუმელთა ახალგაზრდა ფორვარდი მშვენივრად იყენებს.
მოგეხსენებათ, „დინამო ბათუმს“ ფინანსური პრობლემები აქვს და ეს გამარჯვება მისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო.
„დინამო ბათუმი“ 33 ქულით მეოთხე ადგილზეა, მომდევნო ტურში „გაგრას“ შეხვდება, ხოლო „გარეჯი“ 18 ქულით მერვეა და წინ „სამგურალთან“ თამაში აქვს.