„პარი სენ-ჟერმენში“ ჯანლუიჯი დონარუმას დრო იწურება, რადგან კლუბსა და ფეხბურთელს შორის სიტუაცია გართულებულია.
საქმე იქამდეც მივიდა, რომ პსჟ-მ დონარუმა ევროპის სუპერთასის მატჩისთვის შემადგენლობის მიღმა დატოვა. მისი შემცვლელიც ნაყიდია - „ლილიდან“ 40 მილიონ ევროდ ლუკა შევალიე.
პარიზელთა ამ გადაწყვეტილების მიზეზი კონტრაქტის განახლებაზე მოურიგებლობა გახდა, რომელიც 2026 წლის ზაფხულში იწურება. პარიზელებს გაისად მისი უფასოდ დაკარგვა არ სურთ.
სად გააგრძელებს კარიერას დონარუმა? „პარი სენ-ჟერმენი“ დონარუმას დაუყოვნებლივ გაყიდვას ცდილობს და ტრანსფერში 25 მილიონ ევროს ითხოვს. ზოგიერთმა კლუბმა უკვე გამოხატა ინტერესი, მაგალითად, „ჩელსიმ“, „მანჩესტერ სიტიმ“ და „მანჩესტერ იუნაიტედმა“. თუმცა, ჯერ მეკარეს თავისი მომავალი არ გადაუწყვეტია. შესაძლოა, მან პსჟ-ში დარჩენა და 2026 წელს თავისუფალი აგენტის სტატუსით წასვლა გადაწყვიტოს.
შეგახსენებთ, რომ ჯანლუიჯი დონარუმა პსჟ-მ 2021 წელს სწორედ თავისუფალი აგენტის სტატუსით დაიმატა მას შემდეგ, რაც მაშინ „მილანთან“ კონტრაქტი ამოეწურა. პარიზულ გუნდში იტალიელმა 161 მატჩი ჩაატარა.