ფეხბურთი

18:17 | 12.08.2025 | ნანახია [] - ჯერ

დემბელე: "ჩვენი მიზანი ისევ ყველაფრის მოგებაა"

ევროპის სუპერთასის მატჩის წინ უეფას ვებგვერდზე „პარი სენ-ჟერმენის“ ფეხბურთელის, უსმან დემბელეს ინტერვიუ გამოქვეყნდა. ფრანგი ფეხბურთელი საუბრობს ლუის ენრიკეზე, საკუთარ თავზე, ჩემპიონთა ლიგის ბოლო ფინალზე და ახალი სეზონის მიზნებზე.

2025 წელს გაუმჯობესებული შედეგიანობა

„ვფიქრობ, ეს ჩვენი სეზონი იყო, ყველა მოთამაშემ გააუმჯობესა თავისი თვისებები, იქნება ეს ჩემპიონთა ლიგაზე თუ ლიგა 1-ში. ჩვენ ბევრად უკეთ ვითამაშეთ. პირადად მე, რამდენიმე გოლის გატანის შემდეგ დიდი თავდაჯერება მოვიპოვე. როდესაც გოლებს ყოველ ორ-სამ დღეში იტან, გაცილებით მეტი თავდაჯერება გაქვს. ჩემი თანაგუნდელები ძალიან დამეხმარნენ და ასევე მოვახერხე კარის წინ კარგად პოზიციონირება, რათა გოლები გამეტანა“.

„ინტერთან“ ფინალი

„ყველანი ძალიან თავდაჯერებულები ვიყავით. გვქონდა თამაშის გეგმა და ვგრძნობდით, რომ ეს ჩვენი წელი იყო. თამაშის დაწყებამდე ყველანი ძალიან კონცენტრირებულები ვიყავით, მაგრამ ამავდროულად ბედნიერები ვიყავით, რომ ფინალის მონაწილეები ვიყავით და ვთამაშობდით ჩვენი გულშემატკივრების წინაშე, რომლებმაც ეს მოგზაურობა გაიარეს. ეს უბრალოდ წარმოუდგენელი იყო. თავიდანვე „ინტერს“ ხელი კისერში მოვუჭირეთ. არ გვინდოდა მათთვის არაფრის დათმობა და საბოლოოდ, ვიტინიას შესანიშნავი მოძრაობით და დეზირე დუეს პასით, ძალიან სწრაფად გავიტანეთ გოლი. ყველას გვეგონა, რომ დეზირე დაარტყამდა, მაგრამ მან დაინახა, რომ აშრაფ ჰაკიმი მასზე უკეთეს პოზიციაში იყო, ამიტომ ბურთი გადასცა და დავწინაურდით. ამის შემდეგ აღარ დავნებებულვართ“.

ლუის ენრიკე

„ის არის მწვრთნელი, რომელსაც უყვარს თამაში და ის, რასაც აკეთებს. მისი ხელმძღვანელობით პოზიცია ცოტათი შევიცვალე, მაგრამ ეს არის პოზიცია, რომელზეც საკმაოდ ხშირად ვთამაშობდი კარიერის დასაწყისში და როცა ახალგაზრდა ვიყავი. სწრაფად და უპრობლემოდ შემიძლია სხვადასხვა პოზიციასთან ადაპტაცია. უფრო თავისუფალი ვარ, რაც ძალიან მომწონს. უბრალოდ ვცდილობ, გუნდს ყველანაირად დავეხმარო. როგორც მან გვითხრა კლუბში მოსვლის დღიდან, ნებისმიერ ანგარიშზე, იქნება 1:0, 2:0 თუ 3:0, უნდა გავაგრძელოთ იგივე თამაში და ერთად შევუტიოთ, როგორც გუნდმა, თავიც ერთად დავიცვათ“.

ჩემპიონთა ლიგის თასი

„მძიმეა, მაგრამ ლამაზი. ეს ყველაზე ლამაზი თასია, რაც კი ოდესმე მინახავს. ეს ახდენილი ოცნება იყო. ჩემპიონთა ლიგის მოგება „პარი სენ-ჟერმენთან“ ერთად, ისტორიაში პირველად, კიდევ უფრო საოცარია. წარმოუდგენელია, რომ ამ მომენტებს გუნდთან ერთად განიცდი. მით უფრო, როცა ეს სეზონის ბოლოს ხდება და მთელი სეზონის შრომა გიფასდება. ყველაზე დიდი თასის მოგება წარმოუდგენელია“.

ახალი სეზონის მიზანი

„იგივეა, რაც გასულ სეზონში. ვიცით, რომ ყველას ჩვენი დამარცხება ენდომება, მაგრამ იგივე მიზანი გვაქვს, რაც გასულ სეზონში: ეს ყველაფრის მოგებაა“.

შეგახსენებთ, რომ „პარი სენ-ჟერმენი“ ახალ სეზონს 13 აგვისტოს, ევროპის სუპერთასზე ლონდონის „ტოტენჰემთან“ მატჩით დაიწყებს.

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.088568