ჩემპიონთა ლიგაზე პლეი-ოფის ყველა მონაწილე გაირკვა, რომელთა შორის იქნებიან ყაზახეთის, აზერბაიჯანის და კვიპროსის ჩემპიონებიც.
ყაზახეთის ჩემპიონმა „კაირატმა“ სლოვაკური „სლოვანი“ დაამარცხა. ყაზახებმა შინ 1:0 მოიგეს, დღეს სლოვაკებმა შინ 1:0 გაიმარჯვეს, მაგრამ პენალტების სერიაში „კაირატმა“ 4:3 მოიგო და მომდევნო ეტაპზეა. „კაირატის“ რიგებში გიორგი ზარიამ 68-ე წუთიდან ითამაშა, ხოლო გურამ კაშიამ „სლოვანში“ - შეუცვლელად. „კაირატის“ მომდევნო მეტოქე „სელტიკი“ იქნება, „სლოვანი“ ევროპა ლიგის პლეი-ოფში გადავიდა, სადაც „იანგ ბოიზს“ გაეჯიბრება. ვლადიმირ ვაისის გუნდს სულ მცირე კონფერენს ლიგის ფაზის ეტაპზე თამაში აქვს გარანტირებული.
აზერბაიჯანულმა „ყარაბაღმა“ მოლოდინისამებრ ჩრდილოეთ მაკედონიის ჩემპიონი „შკენდია“ დაამარცხა. სტუმრად 1:0-ის შემდეგ აზერბაიჯანელებმა შინ მეტოქე 5:1 გააცამტვერეს.
კვიპროსის ჩემპიონმა „პაფოსმა“ ერთი კვირის წინ სტუმრად 1:0 მოუგო კიევის „დინამოს“ და ეს უპირატესობა არათუ შეინარჩუნა, არამედ, შინ კიდევ უფრო გაზარდა - ისევ მოუგო 2:0. „პაფოსი“ პლეი-ოფშია...
ლისაბონის „ბენფიკასთვის“ ფრანგული „ნიცა“ ადვილი ლუკმა გამოდგა, რადგან ჯერ სტუმრად სძლია 2:0 და ახლა შინაც ასეთივე ანგარიშით მოუგო. საინტერესო გამოვიდა „ფენერბაჰჩე“ – „ფეიენოორდის“ წყვილი. ნიდერლანდელებმა შინ 2:1 მოიგეს, მაგრამ ჟოზე მოურინიოს გუნდმა სტამბოლში მეტოქე 5:2 გაანადგურა და მომდევნო ეტაპზე გავიდა. „ბენფიკა“ და „ფენერბაჰჩე“ ერთმანეთს შეხვდებიან.
გლაზგოს „რეინჯერსმა“ ჩეხური „პლზენის“ ბარიერი დაძლია, რომელსაც შინ 3:0 მოუგო და დღეს სტუმრად 1:2 კი წააგო, მაგრამ ორი მატჩის ჯამში იმარჯვა. „რეინჯერსის“ მომდევნო მეტოქე ბელგიური „ბრიუგე“ იქნება, რომელმაც ავსტრიულ „ზალცბურგს“ ორივე თამაში მოუგო - 1:0, 3:2.
დანიის ჩემპიონმა „კოპენჰაგენმა“ შვედეთის ჩემპიონი „მალმიო“ შინ 5:0 გაანადგურა და ბუნებრივია, მომდევნო ეტაპზე გავიდა. პირველი მატჩი 0:0 იყო დასრულებული. ბელგრადის „ცრვენა ზვეზდამ“ პოზნანის „ლეხის“ ბარიერი დაძლია - 3:1, 1:1, ხოლო უნგრულმა „ფერენცვაროშმა“ „ლუდოგორეცს“ მოუგო, ორი მატჩის ჯამში - 3:0 (0:0, 3:0).
ჩემპიონთა ლიგა, პლეი-ოფის წყვილები ასეთია:
„ბაზელი“ (შვეიცარია) – „კოპენჰაგენი“ (დანია)
„სელტიკი“ (შოტლანდია) – „კაირატი“ (ყაზახეთი)
„ცრვენა ზვეზდა“ (სებრეთი) – „პაფოსი“ (კვიპროსი)
„ფერენცვაროში“ (უნგრეთი) – „ყარაბაღი“ (აზერბაიჯანი)
„რეინჯერსი“ (შოტლანდია) – „ბრიუგე“ (ბელგია)
„ბოდო გლიმტი“ (ნორვეგია) – „შტურმი“ (ავსტრია)
„ფენერბაჰჩე“ (თურქეთი) – „ბენფიკა“ (პორტუგალია)
პლეი-ოფში სამი ქართველი ფეხბურთელის გუნდი ითამაშებს „შტურმი“ (ოთარ კიტეიშვილი), „ბაზელი“ (გაბრიელ სიგუა) და „კაირატი“ (გიორგი ზარია).
ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფის მატჩები 19/20 და 26/27 აგვისტოს გაიმართება. წყვილებში გამარჯვებულები ჩემპიონთა ლიგის ფაზის ეტაპზე შეუერთდებიან დანარჩენ 29 გუნდს, რომელსაც ეს საგზური უკვე მოპოვებული აქვს, ხოლო დამარცხებული 7 გუნდი ევროპა ლიგის ფაზის ეტაპზე გააგრძელებს ასპარეზობას.