„პარი სენ-ჟერმენის“ მეკარე ჯანლუიჯი დონარუმაა მზადაა „მანჩესტერ სიტის“ შეუერთდეს. ამის შესახებ ნიკოლო სკირა იტყობინება.
ინგლისური კლუბი მზადაა პსჟ-ს პირველი შეთავაზება გაუკეთოს. დონარუმა პარიზელთა გეგმებში არ შედის და იტალიელს კლუბიდან წასვლა უწევს. დაუდასტურებული ცნობით, ფრანგები ჯიჯოში 50 მილიონ ევროს ითხოვენ. დონარუმას ტრანსფერი „სიტიში“ პეპ გვარდიოლას სურს.
თავის მხრივ, „სიტის“ მეკარე ედერსონი ერთ ნაბიჯშია სტამბოლის „გალათასარაიში“ გადასვლასთან. მეკარესა და კლუბს შორის 2028 წლის ზაფხულამდე კონტრაქტზე სეზონში 7 მილიონი ევროსა და ბონუსების ანაზღაურებით შეთანხმება მიღწეულია. ედერსონის წასვლა ავტომატურად დონარუმას ტრანსფერს მწვანე შუქს აუნთებს.
შეგახსენებთ, რომ ჯანლუიჯი დონარუმა პსჟ-მ 2021 წელს სწორედ თავისუფალი აგენტის სტატუსით დაიმატა მას შემდეგ, რაც მაშინ „მილანთან“ კონტრაქტი ამოეწურა. პარიზულ გუნდში იტალიელმა 161 მატჩი ჩაატარა. გასულ სეზონში პსჟ-ს ტრიუმფალურ სეზონში მან ძალიან დიდი წვლილი შეიტანა, საკმარისია გავიხსენოთ ჩემპიონთა ლიგაზე დონარუმას მატჩები „ლივერპულთან“, „ასტონ ვილასა“ და „არსენალთან“...
პსჟ-ს მწვრთნელმა ლუის ენრიკემ თქვა, რომ ეს მისი გადაწყვეტილებაა, მიუხედავად იმისა, რომ დონარუმას მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესო მეკარედ მიიჩნევს. ესპანელის თქმით, ისეთი მეკარე სჭირდებოდა, რომელიც მის სათამაშო სტილთან უკეთ ადაპტირდებოდა. ამიტომაც, პსჟ-მ „ლილიდან“ 40 მილიონ ევროდ ლუკა შევალიე დაიმატა.