იტალიის სერია A-ს მოქმედი ჩემპიონი "ნაპოლი" ახალი სეზონისთვის მზადებას ასრულებს, "პარტენოპეი" ბოლო ამხანაგურ მატჩს ხუთშაბათს "ოლიმპიაკოსთან" გამართავს, რის შემდეგაც პირველ ოფიციალურ შეხვედრას 23 აგვისტოს გამართავს. გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ანტონიო კონტემ პრესკონფერენცია გამართა, სადაც გუნდში არსებულ მდგომარეობაზე ისაუბრა და კომენტარი ხვიჩა კვარაცხელიაზეც გააკეთა. იტალიელმა სპეციალისტმა კვარას სკუდეტოს მოგებაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა.
"მოსამზადებელი ეტაპით კმაყოფილი ვარ, თუმცა უნდა აღვნიშნო, რომ "ნაპოლი" არის კლუბი, რომელიც ახლად შენების პროცესშია. ჩვენ ძალიან ბევრი ფეხბურთელი დავკარგეთ და ამავდროულად ბევრი დავიმატეთ. მათ გუნდთან შეგუებისთვის და ფილოსოფიის გასაგებად დრო სჭირდება. მაგალითისთვის, ნოა ლანგი აქ ნიდელანდებიდან მოვიდა, მას ძალიან კარგი ხარისხი აქვს და შეუძლია მოედანზე განსხვავების შექმნა, თუმცა ადაპტაციისთვის დრო სჭირდება და უნდა მოთმინებით დაველოდოთ. თუ ეს არ გვინდა, მაშინ უნდა გადავიხადოთ 70 მილიონი და ისეთი ფეხბურთელი მოვიყვანოთ, რომელიც მზად იქნება, როგორც ეს პსჟ-მ გააკეთა ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერით.
ამ დროის განმავლობაში, ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობდით გვეპოვნა სწორი ბალანსი, ეს არა მარტო "ნაპოლისთვის" არამედ ყველა კლუბისთვის მნიშვნელოვანია, რომელსაც ამბიცია აქვს, რომ იყოს კონკურენტუნარიანი. როდესაც ვამბობ „ღია სამუშაო პროცესს“, ვგულისხმობ სხვადასხვა გადაწყვეტილებების ძიებას, მწვრთნელმა უნდა სცადოს სხვადასხვა გზების პოვნა. ჩვენ წინ გრძელ სეზონი გველის მრავალი მატჩით და ბევრი ვიმუშავეთ 4-3-3 ფორმაციაზე, რაც ამ გუნდისთვის დამახასიათებელია, მაგრამ ასევე ვეძებთ სხვა გადაწყვეტილებებს იმ შემთხვევაში, თუ ვინგერების გარეშე მოგვიწევს თამაში.
მინდა მადლობა გადავუხადო იმ ფეხბურთელებს, რომლებმაც კლუბი დატოვეს, თუმცა სკუდეტოს მოგებაში დიდი წვლილი შეიტანეს. მათ შორისაა ხვიჩა კვარაცხელიაც, რომელიც ჩვენთან იანვრამდე იყო და გამარჯვებაში დიდი როლი ითამაშა." - განაცხადა კონტემ.
შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიამ "ნაპოლი" მიმდინარე წლის იანვარში დატოვა, ქართველმა "პარტენოპეის" მაისურით 2024-2025 წლების სეზონის სერია A-ს გათამაშებაში 17 მატჩი ჩაატარა და თავი 5 გოლითა და 3 საგოლე გადაცემით გამოიჩინა.