ფეხბურთი

1:14 | 14.08.2025 | ნანახია [] - ჯერ

თითქმის შეუძლებელი ქამბექი: პსჟ-მ ევროპის სუპერთასი მოიგო

„პარი სენ-ჟერმენმა“ სეზონი ევროპის სუპერთასის მოგებით დაიწყო! არადა, „ტოტენჰემთან“ მატჩის დიდი ხნის განმავლობაში ამას არაფერი მოასწავებდა, რადგან ლუის ენრიკეს გუნდი ერთობ უფერულად გამოიყურებოდა.

„ტოტენჰემი“ აშკარად უფრო მზად ჩანდა ამ მატჩისთვის, ვიდრე პსჟ, რაც არაა გასაკვირი, რადგან ლონდონური კლუბი უკვე ერთი თვეა ახალი სეზონისთვის ემზადება, ამხანაგური მატჩებიც ჩაატარა, ხოლო პსჟ-მ მზადება ერთი კვირის წინ დაიწყო და პრესეზონი ფაქტობრივად არ ჰქონია, არც სპარინგები ჩაუტარებია - მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის ფნალის შემდეგ პირველად ითამაშა.

ლონდონური კლუბი ფლობდა პირველ ტაიმში სათამაშო უპირატესობას, რაც გოლში ასახა: 39-ე წუთზე მიკი ვან დე ვენმა გაიტანა ახლო მანძილიდან, როცა ლუკა შევალიეს სასწაულებრივ მოგერიებულს ცარიელ კარში დაამატა. მეორე ტაიმიც „ტოტენჰემის“ გოლით გაიხსნა, ამჯერად შევალიე უხეშად შეცდა და კუტი რომერომ სხვაობა ორამდე გაზარდა.

თითქოს, პსჟ უშანსოდ იყო, არაფერი გამოსდიოდა, სახიფათო მომენტსაც ვერ ქმნიდა. თუმცა, საქმეში ლუის ენრიკე ჩაერია, რომელმაც ცვლილებები გააკეთა, რამაც თამაშის სცენარი აბსოლუტურად შეცვალა. „ტოტენჰემმაც“ თითქოს, ადრე დაიჯერა გამარჯვება და მთლიანად ანგარიშის შენარჩუნებაზე დაიწყო ზრუნვა.

გასაკვირი არაა, რომ პსჟ-ს ორივე გოლი შეცვლაზე შესულებმა გაიტანეს: 85-ე წუთზე კან-ინ ლიმ შორი მანძილიდან უზუსტესად გაისროლა და თამაშში დაააბრუნა გუნდი, ხოლო 94-ე წუთზე უსმან დემბელეს ჩაწოდების შემდეგ გონსალო რამოშმა თავით გაათანაბრა -2:2.

„პარი სენ-ჟერმენმა“ უიმედო მდგომარეობიდან მოახერხა გამოსვლა და საქმე პენალტების სერიამდე მივიდა, სადაც პსჟ ისევ აგებდა, რადგან პირველივე პენალტი ვიტინიამ კარს ააცილა, მაგრამ პარიზელებმა აქაც დააქამბექეს და სერიაში 4:3 გაიმარჯვეს.

„პარი სენ-ჟერმენმა“ ისტორიაში პირველად მოიგო ევროპის სუპერთასი, სულ მეორედ ითამაშა ამ ტიტულისთვის, 1997 წელს „იუვენტუსთან“ ორმატჩიან დუელში უბრალოდ განადგურდა - 1:6, 1:3.

პსჟ-მ ჩემპიონთა ლიგის მოგების შემდეგ ლიბერტადორესის თასის გამარჯვებულ „ბოტაფოგოსთან“ და კონფერენს ლიგის ჩემპიონ „ჩელსისთან“ დამარცხდა, მაგრამ ევროპა ლიგის გამარჯვებულთან ეს შეცდომა აღარ დაუშვა.

ხვიჩა კვარაცხელია ძირითად შემადგენლობაში იყო, თუმცა გამორჩეული თამაში არ ჰქონია, ლუის ენრიკემ ის პირველი შეცვალა, მე-60 წუთზე, როცა მოედანზე მის ნაცვლად ფაბიან რუისი შეუშვა. კვარაცხელია კახა კალაძის შემდეგ მეორე ქართველია, ვინც ევროპის სუპერთასი მოიგო. აღსანიშნავია, რომ მან 2023 წელს უდინეში იტალიის ჩემპიონატი მოიგო, ხოლო ახლა პსჟ-სთან ერთად ევროპის სუპერთასი. კვარამ პსჟ-ში უკვე მეოთხე ტიტული მოიგო - საფრანგეთის ჩემპიონატი, საფრანგეთის თასი, ჩემპიონთა ლიგა და ევროპის სუპერთასი.

„პარი სენ-ჟერმენი“ მომდევნო მატჩს 17 აგვისტოს, ლიგა 1-ის პირველი ტურის ეგიდით „ნანტის“ წინააღმდეგ გამართავს.

„პარი სენ-ჟერმენი“ – „ტოტენჰემი“ 2:2 პენ: 4:3 (0:1)

უდინე, "ფრიული"

პსჟ (4-3-3): შევალიე; ჰაკიმი, მარკინიოსი, პაჩო, მენდეში; ზაირ-ემერი, ვიტინია, დუე; კვარაცხელია, დემბელე, ბარკოლა

მწვრთნელი: ლუის ენრიკე

„ტოტენჰემი“ (4-3-3): ვიკარიო; პორო, რომერო, დანსო, ვან დე ვენი; პალინია, ბენტანკური, სარი; კუდუსი, რიშარლისონი, სპენსი

მწვრთნელი: თომას ფრანკი

გოლები: 0:1 ვან დე ვენი (39), 0:2 რომერო (48), 1:2 ლი (85), 2:2 რამოში (90)

პენალტების სერია: 0:1 სოლანკე, 0:1 ვიტინია (ააცილა), 0:2 ბენტანკური, 1:2 რამოში, 1:2 ვან დე ვენი (მეკარე), 2:2 დემბელე, 2:2 ტელი (ააცილა), 3:2 ლი, 3:3 რომერო, 4:3 მენდეში

სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 12 (3) – 13 (5) ბურთის ფლობა: 74%-26% კუთხურები: 7:2 თამაშგარე: 2:4

0.098305