ფეხბურთი

2:11 | 14.08.2025 | ნანახია [] - ჯერ

ლუის ენრიკე: "ჩემი ფეხბურთელებისგან უფრო მეტს ველი, ყოველთვის!"
"არ ვარ დარწმუნებული, რომ გამარჯვება დავიმსახურეთ, "ტოტენჰემი" უფრო იმსახურებდა"

„პარი სენ-ჟერმენის“ მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ ლონდონის „ტოტენჰემთან“ ევროპის სუპერთასზე გამარჯვების შემდეგ ისაუბრა. როგორც მან თქვა, არ იცის, შედეგი სამართლიანია თუ არა, მაგრამ უბრალოდ ბედნიერია:

„ამ მატჩზე საუბარი რთულია. 5-6 დღეა, რაც ვვარჯიშობთ. ეს დაუჯერებელია, ისევე, როგორც ჩვენი ფანები, რომლებიც ყოველთვის ჩვენთან ერთად არიან და შედეგის მიუხედავად გუნდს მხარს უჭერენ. შესანიშნავია, რომ ეს ტიტული მოვიგეთ.

ვფიქრობ, „ტოტენჰემმა“ ძალიან კარგად ითამაშა, ისინი ჩვენზე ძლიერები და მომზადებული იყვნენ. რთული სიტუაცია იყო, მაგრამ შევძელით ბოლომდე ბრძოლა. არ ვიცი, შედეგი სამართლიანია თუ არა, მაგრამ ფეხბურთი ასეთია და გულშემატკივრების გამო გვიხარია. უნდა მოვუმატოთ, ჩემი მოთამაშეებისგან კიდევ უფრო მეტს ველი, ყოველთვის. შევალიე? ძალიან ბედნიერი ვარ მისი და მთელი გუნდის გამო“, - თქვა ესპანელმა Canal Plus-თან.

ამის შემდეგ ლუის ენრიკემ პრესკონფერენცია გამართა, სადაც პირდაპირ თქვა, რომ გამარჯვებას არ იმსახურებდნენ, მაგრამ ფეხბურთი ზოგჯერ სასტიკია.

„გულწრფელად რომ ვთქვა, დარწმუნებული არ ვარ, რომ ამ თასს ვიმსახურებთ. განსხვავება აშკარა იყო. „ტოტენჰემს“ ექვსი კვირა ჰქონდა მოსამზადებლად, ჩვენ კი - ექვსი დღე. ფიზიკურად აშკარა განსხვავება იყო. ვცდილობდით ჩვენი თამაში გვეთამაშა, მაგრამ 80 წუთის განმავლობაში ვერ შევძელით, მაგრამ შემდეგ მოვახერხეთ და პენალტების სერიაში გავიმარჯვეთ. ძალიან მიხარია გულშემატკივრებისთვის, რომლებიც არასდროს წყვეტენ ჩვენს მხარდაჭერას. მოედანზე მე-12 მოთამაშე არიან. მატჩის უმეტესი ნაწილის განმავლობაში ჩამოვრჩებოდით და ისინი გვეხმარებოდნენ.

გავიმეორებ, მატჩი ჩვენთვის უცნაური იყო. ფიზიკური სხვაობა ნორმალური იყო. საქმე მხოლოდ შესაბამის ფორმაში ჩადგომაში არ არის და გარკვეული შეცდომების დაშვება ნორმალურია. „ტოტენჰემმა“, ალბათ, გამარჯვება ჩვენზე მეტად დაიმსახურა.

ყოველთვის მჯერა ჩემი ფეხბურთელების. ასეთი თამაშის მართვა 80 წუთის შემდეგ ადვილი არ არის, მაგრამ შეტევა განვაგრძეთ. დემბელესთან, ფაბიან რუისთან ერთად შანსები შევქმენით და ყველა, ვინც მეორე ტაიმში ითამაშა და მოედანზე შევიდა, ძალიან კარგი იყო. მათი თამაშით კმაყოფილი ვარ.

შევალიე? მოხარული ვარ, მან შესანიშნავი ხასიათი გამოავლინა. კმაყოფილი ვარ იმით, თუ როგორ დაეხმარა გუნდს. ყოველთვის გვსურს გაუმჯობესება. ვფიქრობ, წელს უფრო ძლიერები ვიქნებით. ყველა მის სიტუაციაზე საუბრობდა, მისთვის ადვილი არ იყო, მაგრამ შესანიშნავი ხასიათი გამოავლინა.

რა იყო წარმატების გასაღები? თუ ჩვენთვის ერთ მნიშვნელოვან ელემენტზე მომიწევდა საუბარი, ეს იქნებოდა რწმენა და თავდაჯერებულობა. ყოველთვის გვჯერა, რომ შეგვიძლია გამარჯვება, მაშინაც კი, თუ ჩამოვრჩებით. „ტოტენჰემი“ უკეთესად თამაშობდა 81-ე წუთამდე. ზოგჯერ ფეხბურთი სასტიკია“, - თქვა ლუის ენრიკემ.

შეგახსენებთ, რომ „პარი სენ-ჟერმენი“ მომდევნო მატჩს 17 აგვისტოს, „ნანტის“ წინააღმდეგ საფრანგეთის ლიგა 1-ში გამართავს.

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.097565