ფრანგული სარაგბო კლუბის, „ლა როშელის“ საიტზე დავით ნინიაშვილის ინტერვიუ გამოქვეყნდა, რომელმაც „ლიონი“ დატოვა და კარიერაში ახალი გამოწვევა მიიღო.
როგორც მან თქვა, მისი მიზანი „ლა როშელში“ ტიტულების მოგებაა და ამისთვის ყველაფერს გააკეთებს:
„კარიერის დასაწყისში, სწორედ ლიონმა მომცა საფრანგეთში თამაშის შესაძლებლობა. იქ ოთხი წლის გატარების შემდეგ, გადავწყვიტე, რომ ორგზის ევროპის ჩემპიონ „ლა როშელში“ გადმოვსულიყავი. ეს შესანიშნავი კლუბია, რომელსაც ტიტულების მოგების ამბიცია აქვს, იქნება ეს ტოპ 14 თუ ჩემპიონთა თასი, და, ეს ჩემი ოცნებაცაა! როდესაც ლიონთან ერთად ჩელენჯ თასი მოვიგე, ძალიან ბედნიერი ვიყავი, რადგან ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც მნიშვნელოვანი ტიტული მოვიგე. ახლა კი, აქ ვეცდები ამის გაკეთებას.
ჩემთვის ზურგზე ნომერი არ არის მნიშვნელოვანი. ყველა პოზიცია მომწონს, რაც მინდა, ეს არის გუნდისთვის ყველაფერი გავიღო, რომელ პოზიციაზეც არ უნდა ვითამაშო. მინდა ვითამაშო, ბურთი ავიღო, გავიქცე და სულ ესაა. ვაკეთებ ჩემს საქმეს, სადაც მთხოვენ და სადაც საჭირო ვარ.
ჩემი ადაპტაცია უფრო ადვილია, რადგან უკვე ვიცნობდი უილს, თომასს, ნოლანს, ლევანს... ეს აშკარად მეხმარება. ნიკოლოზ სუთიძემ და ალექსანდრე ქუნთელიაც დამეხმარნენ ადაპტაციაში. მათ მაჩვენეს ქალაქის ცენტრი და ამიხსნეს, თუ როგორ მუშაობს კლუბი. ეს ძალიან დამეხმარა.
როდესაც გასულ წელს „ლა როშელთან“ ვთამაშობდი, სტადიონი დიდებულად მეჩვენებოდა, რადგან სავსე იყო. მომწონს, როდესაც გულშემატკივრები გუნდს მხარს უჭერენ, ეს გუნდს მეტ ენერგიას მატებს. ეს ენთუზიაზმი გუნდშიც კი იგრძნობა. მას შემდეგ, რაც აქ ჩამოვედი, თავს ოჯახის წევრად ვგრძნობ და ძალიან მიხარია, რომ ამას გუნდში ვხედავ“, - თქვა ნინიაშვილმა.