„ლივერპულმა“ პრემიერლიგის ახალი სეზონი „ბორნმუთთან“ გამარჯვებით დაიწყო, რომლის წინააღმდეგ ფედერიკო კიეზამ 88-ე წუთზე გატანილი გოლით მოაგებინა.
იტალიელი ფეხბურთელი „წითლების“ გეგმებში არ შედის, მაგრამ შესაძლოა, ამ გოლმა სიტუაცია შეცვალოს. კიეზამ აღნიშნა, რომ ის „ლივერპულში“ ბედნიერია და დარჩენა სურს.
„ჩემთვის შესანიშნავი მომენტი იყო, მაგრამ ჩემი ფიქრები დიოგუს უკავშირდებოდა, ჩემთვის ეს ძალიან ემოციური იყო. ჩემი მომავალი? „ლივერპულში“ ძალიან ბედნიერი ვარ! კლუბს ვესაუბრები, მაგრამ მინდა აქ დარჩენა და ბევრი ტიტულის მოსაგებად ბრძოლა“, - თქვა კიეზამ.
იტალიელი შემტევის მომავლის შესახებ კომენტარი გააკეთა არნე სლოტმაც: „სანამ ის აქ არის, „ლივერპულის“ ფეხბურთელია და არ მაქვს მიზეზი, ვიფიქრო, რომ რამე შეიცვლება“.
შეგახსენებთ, რომ ფედერიკო კიეზა „ლივერპულმა“ შარშან „იუვენტუსიდან“ 13 მილიონ ევროდ დაიმატა, მაგრამ იტალიელმა კლუბში ფეხი ვერ მოიკიდა. წელს ის აზიურ შეკრებაზეც არ წაიყვანეს, რის შემდგომაც, თითქოს, მისი გაყიდვა გარდაუვალი იყო. თუმცა, ჯერჯერობით, კიეზა ისევ „ლივერპულის“ ფეხბურთელია და პრემიერლიგაში სადებიუტო გოლიც გაიტანა.