რაგბი

11:35 | 17.08.2025 | ნანახია [] - ჯერ

18 წ. | დრამატული ფრე ირლანდიასთან

საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრებმა ირლანდიასთან 10-ქულიანი ჩამორჩენა დასკვნით 25 წუთში აღმოფხვრა და საერთაშორისო სერიის მესამე შეხვედრა ფრედ, 13:13 დაასრულა.

თამაში თითქმის ისეთივე სცენარით წარიმართა, როგორც აპრილში 18-წლამდელთა ექვსი ერის ფესტივალზე. მაშინ საქართველომ ჩამორჩენა 5 ქულამდე დაიყვანა და ბოლოს გამარჯვების შანსსაც ინარჩუნებდა, მაგრამ ეს არ გამოვიდა (21:26). ამჯერად ანგარიში გავათანაბრეთ და ბოლოს მოგებისკენაც გავიწიეთ, თუმცა ირლანდიამ აღარ გარისკა და მატჩი ფრედ დაასრულა.

სამხრეთ აფრიკის ქალაქ პაარლიში გაწვიმდა და მან ხელი თამაშის მსვლელობასაც დაატყო. ხშირი იყო ტექნიკური წუნი და უმეტესად ფორვარდები დაიტვირთნენ, თუმცა იყო ლამაზი ეპიზოდებიც.

საწყისი 10 წუთი საქართველომ მეტოქის ნახევარზე გაატარა და რამდენჯერმე 22-შიც შევიდა, მაგრამ შანსები ვერ გამოიყენა. მერე მეტოქემ ჩვენი შეცდომით ისარგებლა, სწრაფი კონტრშეტევა განახორციელა და ლელო მარჯვენა ალამთან გაიტანა. მალე ირლანდიას მეორე ლელოს დადებაც შეეძლო, თუმცა იოსებ ღვინჯილიამ შემტევს ბურთი ბოჭვით დააგდებინა. 32-ე წუთზე მეორე ლელო მაინც მივიღეთ და ტაიმი 0:10 დასრულდა.

მეორე ტაიმი 9 წუთის დაწყებული იყო, როდესაც ირლანდია საქართველოს მრავალფაზიანი შეტევის შემდეგ დაჯარიმდა და ლევან ბუცხრიკიძე გასატანი პოზიციიდან ზუსტი იყო. თამაში რომ განახლდა ირლანდიამ საპასუხო ჯარიმა გამოიმუშავა და უპირატესობა ისევ 10 ქულამდე გაზარდა. ამიტომ საქართველომ ჯარიმა კარში აღარ დაარტყა, დერეფნის შემდეგ მოლში მეტოქე მაგრად დაგვიხვდა, ამას რამდენიმე დარტყმა მოყვა, რის შემდეგაც დათა ახვლედიანმა ხაზი ორ მცველს შორის გაგლიჯა და საპასუხო ლელო გაიტანა, ხოლო ბუცხრიკიძემ გარდასახა და ჩამორჩენა 3 ქულამდე დავიდა.

ირლანდიის სახიფათო შეტევის მოგერიების შემდეგ, საქართველომ კარგი საპასუხო იერიში განახორციელა და მეტოქე საკუთარ 22-ში დაჯარიმდა, თანაც სინბინით დაისაჯა, თუმცა ლელოზე თამაშმა შედეგი ვერ გამოიღო. იყო ეპიზოდი, როდესაც ღვინჯილიამ თითქოს ლელოს უწია, მაგრამ მსაჯმა დამიწება ვერ დააფიქსირა. 68-ე წუთზე ბუცხრიკიძემ საშუალო დისტანციიდან გატანილი ჯარიმით წონასწორობა აღადგინა.

მოედანზე მაგარი ბრძოლა გაჩაღდა, ბოლო შეტევისას ლუკა ტაბატაძე ჩვენი 22-იდან გამოიქცა და ცენტრთან ფეხით ითამაშა, მაგრამ ირლანდიელებმა წნეხის მიუხედავად შეძლეს ბურთის შენარჩუნება, მისი აუტში გადატანა და თამაშიც 13:13 დასრულდა.

საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრებისთვის ეს წელს ჩატარებული მეორე მაღალი დონის ტურნირი იყო. შემოდგომაზე მას ტრადიციულად ევროპის ჩემპიონატი და ტიტულის დაცვა ელის.

18-წლამდელთა საერთაშორისო სერია

სამხრეთ აფრიკა. პაარლი.

საქართველო - ირლანდია 13:13 (0:10)

საქართველო

ხაზი: 15. დავით არობელიძე (არმია), 14. ივა კვირიაშვილი (ლელო), 13. დათა ახვლედიანი (ლელო), 12. დემეტრე დევდარიანი (ლელო, კაპ.), 11. ლუკა ტაბატაძე (არმია), 10. ლევან ბუცხრიკიძე (ლელო), 9. გოგა უშვერიძე (აია);

შერკინება: 1. ნიკოლოზ ბალანჩივაძე (ოიონა, საფრანგეთი), 2. ლუკა წიკლაური (ხვამლი), 3. გიორგი ბერძენიშვილი (ლელო), 4. ანდრია ბილანიშვილი (ლელო), 5. ნიკოლოზ ჩხორთოლია (მონპელიე, საფრანგეთი), 6. გიორგი ზაზაძე (ხარები), 7. იოსებ ღვინჯილია (ლელო), 8. გიორგი არძენაძე (ბათუმი).

მარქაფა: 16. გოჩა ფიცხელაური (ლელო), 17. საბა მშვილდაძე (აია), 18. გაბრიელ რაზმაძე (ორიაკი, საფრანგეთი), 19. მათე ბერუაშვილი (ლოკომოტივი), 20. ლუკა შულაია (ლელო); 21. ნიკოლოზ ხაფავა (ყოჩები), 22. გოგა ბერიძე (ბათუმი), 23. გიორგი მუშკუდიანი (აია), 24. მათე მახარაძე (ბათუმი), 25. ტატო ტალახაძე (ლელო), 26. ზაზა ლეჟავა (აია).

მთავარი მწვრთნელი: ზურაბ ამონაშვილი

RUGBY.GE

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.093167