ფეხბურთი

23:20 | 17.08.2025 | ნანახია [] - ჯერ

"იბერიამ" "დილას" დიდი ანგარიშით აჯობა და უპირატესობა გაზარდა

საქართველოს ეროვნულ ლიგაში 21-ე ტურის მატჩები გაიმართა. ტურის ცენტრალურ მატჩში ჩემპიონობისთვის მებრძოლი „დილა“ და „იბერია“ გორში დაუპირისპირდნენ. „დილა“ თამაშს კარგი სერიით შეხვდა, „იბერია“ - პიქირით.

თუმცა, გია გეგუჩაძის გუნდმა კონკურენტი მისსავე მოედანზე 6:0 გაანადგურა. დუბლი შეასრულეს გიორგი ტაბატაძემ და იური ტაბატაძემ, ხოლო თითო გოლი გიზი მამაგეიშვილმა და თორნიკე ახვლედიანმა გაიტანეს. აღსანიშნავია, რომ „დილა“ 45-ე წუთზე 10 კაცით იყო, რადგან პედრო მენდეში გააძევეს, ხოლო 67-ე წუთიდან 9 კაცით, რადგან ალექსანდრე ანდრონიკაშვილმაც წითელი ბარათი მიიღო.

„იბერიამ“ ამ გამარჯვებით 48 ქულა დააგროვა და კონკურენტ „დილას“ 4 ქულით გაასწრო. თბილისური გუნდი მომდევნო ტურში „დინამო ბათუმს“ შეხვდება, ხოლო „დილას“ მეტოქე „ტორპედო“ იქნება.

ისევ ვერ მოიგო ქუთაისის „ტორპედომ“, რომელმაც შინ „თელავს“ ვერ აჯობა, არადა, ერთი საათის განმავლობაში რიცხობრივ უპირატესობაში იყო. დირკ შუსტერის გუნდმა ეს ვერ გამოიყენა, მიუხედავად იმისა, რომ 51-ე წუთზე კომნენ ანდრიჩის გოლით დაწინაურდა. 15 წუთში ტატო ჟივიძემ გაათანაბრა და გუნდებმა ქულები გაიყვეს - 1:1.

„ტორპედო“ 32 ქულით მეხუთე ადგილზეა და მომდევნო ტურში გორის „დილას“ შეხვდება, ხოლო „თელავს“ 17 ქულით მეცხრე ადგილი უკავია და წინ „დინამო თბილისთან“ მატჩი აქვს.

„დინამო ბათუმი“ საკუთარ მოედანზე „გაგრასთან“ დამარცხდა. ლევან ხოზრევანიძემ ისევ გაიტანა, ზედიზედ მესამე შეხვედრაში და ბათუმელები მე-17 წუთზე დააწინაურა, თუმცა გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდმა უპირატესობა ვერ შეინარჩუნა, რადგან ჯერ გიორგი პაპუაშვილმა გაათანაბრა ანგარიში, ხოლო შემდეგ პედრო ბორჟესმა სტუმრებს მოაგებინა.

„დინამო ბათუმი“ 36 ქულით მეოთხეა და წინ „იბერიასთან“ დაპირისპირება ელოდება, ხოლო „გაგრამ“ 23 ქულით მეექვსე პოზიციაზე აინაცვლა და „სამგურალს“ შეხვდება.

„ტორპედო“ – „თელავი“ 1:1 (0:0)

გოლები: 1:0 ანდრიჩი (51), 1:1 ჟივიძე (66)

„დინამო ბათუმი“ – „გაგრა“ 1:2 (1:1)

გოლები: 1:0 ხოზრევანიძე (17), 1:1 პაპუაშვილი (32), 1:2 ბორჟესი (84)

„დილა“ – „იბერია“ 0:6 (0:2)

გოლები: 0:1 გ. ტაბატაძე (34), 0:2 მამაგეიშვილი (41), 0:3 ტაბატაძე (50), 0:4 ი. ტაბატაძე (55), 0:5 ი. ტაბატაძე (68), 0:6 ახვლედიანი (85)

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.080174