საფრანგეთის ლიგა 1-ის ახალი სეზონი „პარი სენ-ჟერმენმა“ გამარჯვებით დაიწყო, არც ისე ადვილად, მაგრამ მაინც.
ლუის ენრიკემ ევროპის სუპერთასის შემდეგ შემადგენლობა მნიშვნელოვნად გადაახალისა, მაგალითად, ძირითადში არ იყვნენ დეზირე დუე, უსმან დემბელე, აშრაფ ჰაკიმი, ნუნუ მენდეში (ისინი 61-ე წუთზე შეუშვა მინდორზე) და ხვიჩა კვარაცხელია, რომელიც მხოლოდ 78-ე წუთზე ჩართო მატჩში.
პსჟ-ს პირველ ტურში „ნანტის“ წინააღმდეგ გაუჭირდა, პარიზელები მომენტებს იშვიათად ქმნიდნენ და მხოლოდ მას შემდეგ გაამწვავა თამაში, რაც ლუის ენრიკემ ცვლილებები გააკეთა, რამაც შედეგი მალევე გამოიღო.
თუმცა, უნდა ითქვას, რომ პსჟ-ს გაუმართლა კიდეც, რადგან ვიტინიას შორეული დარტყმის შემდეგ რიკოშეტი რომ არა, შესაძლოა, გოლი არც გასულიყო. თუმცა ბურთმა მიმართულება ისე შეიცვალა, რომ კარში აღმოჩნდა. დარჩენილ დროში არაფერი შეცვლილა: პარიზულმა გუნდმა 1:0 მოიგო.
„პარი სენ-ჟერმენი“ ლიგა 1-ის მეორე ტურში 22 აგვისტოს, „ანჟერს“ უმასპინძლებს.