ნიჭიერი ქართველი მარცხენა მცველი გიორგი ტაბატაძე კარიერას დანიურ „ვეილეში“ გააგრძელებს. ტრანსფერი ოფიციალურად დადასტურდა.
19 წლის ფეხბურთელმა დანიურ კლუბთან კონტრაქტი 2030 წლის ზაფხულამდე გააფორმა და 21-ნომრიანი მაისური მოირგო. გიორგიმ პირველი კომენტარიც გააკეთა:
„ძალიან მიხარია, რომ „ვეილეში“ გადმოვედი რომელიც კარგად მართული და პროფესიონალური კლუბია, რომელიც თავის ფეხბურთელებზე ზრუნავს. დანიის ლიგის ბევრი მოთამაშე კარგ ევროპულ კლუბებში გადადის და ეს იმაზე მეტყველებს, რომ ფეხბურთელები აქ ვითარდებიან. დანიაში ადრე რამდენიმე ახალგაზრდა ქართველი ფეხბურთელი იყო და ისინი ეროვნულ ნაკრებში მოხვდნენ, ამიტომ „ვეილეს“ შეთავაზებამ სწრაფად მიიპყრო ჩემი ყურადღება. როგორც ფეხბურთელი, გუნდური მოთამაშე ვარ. შვედეთში ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო მატჩში ვითამაშე „მალმიოს“ წინააღმდეგ და ვნახე ატმოსფერო, ასევე სკანდინავიური სტილი და მოუთმენლად ველი ჩემს ახალ თანაგუნდელებთან შეხვედრას და ყველას ვაჩვენებ, თუ რა შემიძლია. გვაქვს მიზანი, რომლის მიღწევაც გვსურს და შესაძლებლობას გამოვიყენებ, როდესაც მწვრთნელი ჩათვლის, რომ ამისთვის მზად ვარ“, - თქვა მან.
ქართველი ფეხბურთელის შესახებ ისაუბრა „ვეილეს“ სპორტილმა დირექტორმა მიკელ ჰემერსამმა:
„გიორგი ტაბატაძე ნიჭიერი ფეხუბრთელია. ამ სატრანსფერო ფანჯარას მივუდექით სტრატეგიით, რომელიც გუნდის გაძლიერებას გულისხმობს მაღალი დონის მოთამაშეებით, რომლებსაც კონკურენციის პოტენციალი აქვთ. თავისი პროფილითა და ასაკით, გიორგი ახალგაზრდა ფეხბურთელია, რომელიც კარგად ჯდება ამ სტრატეგიაში და მას უკვე აქვს თამაშის გამოცდილება საქართველოს ჩემპიონატში, რომელიც, საქართველოს ეროვნული ნაკრების მსგავსად, ბოლო წლებში კარგ განვითარებას განიცდის. კრისტიან სორენსენი გუნდში ერთადერთი მარცხენა ფეხით მოთამაშე მცველია და სწორედ ამიტომ ვეძებდით ჩვენი მარცხენა მცველის შემცვლელს და ეს გიორგიში ვიპოვეთ, რომელიც ბუნებრივად ერგება როგორც მარცხენა მცველის, ასევე რამდენიმე შეტევით პოზიციას. გიორგი დინამიურია თავის თამაშში, სწრაფია და ერთი-ერთზე რამდენიმე უნარი აქვს და მოუთმენლად ველით მის ინტეგრაციას ჩვენს გარემოში, სადაც გვექნება როგორც დრო, ასევე მოთმინება, რომ სწორი ტემპით განვავითაროთ“, - აღნიშნა ჰემერსამმა.
გიორგი „იბერიას“ აკადემიის აღზრდილია. ის მთავარ გუნდში 2024 წლის სეზონში დაწინაურდა. ტაბატაძემ პირველი გუნდის მაისურით ჯამში 37 მატჩი ჩაატარა, 3 გოლი გაიტანა და 8 საგოლე პასი გააკეთა. აღსანიშნავია, რომ სამიდან ორი გოლი მან ორი დღის წინ, გორის „დილასთან“ გაიტანა (საგოლე პასიც მიითვალა), „იბერიას“ მაისურით ბოლო მატჩში.
„ვეილე“ დანიის სუპერლიგაში თამაშობს, სადაც ხუთი ტურის შემდეგ 5 ქულით მე-10 ადგილზეა, მომდევნო ტურში კი, 24 აგვისტოს, „ორჰუსს“ შეხვდება.