17 წლის ქართველი ფეხბურთელი ვახტანგ სალია კარიერას "ნიუკასლ იუნაიტედში" გააგრძელებს. ახალგაზრდა ფეხბურთელმა საკუთარ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა, სადაც მის მშობლიურ კლუბ "დინამო თბილისს" დაემშვიდობა.
"დადგა მომენტი, როდესაც ჩემს მშობლიურ კლუბს უნდა დავემშვიდობო. ეს ადვილი არაა, თუმცა ვიცი, რომ ეს ფეხბურთის ნაწილია და წინ ჩემი კარიერის ახალი ეტაპია.
დინამოში დიდი დრო გავატარე - აკადემიის თითქმის ყველა ასაკობრივი გუნდის შემდეგ, პირველი გუნდის ფორმაც მოვირგე და პროფესიონალ ფეხბურთელად სწორედ აქ ჩამოვყალიბდი. არასდროს დამავიწყდება ჩემი სადებიუტო გოლი, რომელიც ტორპედოს კარში გავიტანე.
ყველაფერი რაც ახლა ვიცი ამ კლუბში ვისწავლე, ამიტომ ძალიან მადლიერი ვარ ყველა იმ ადამიანის ვისაც ამ გზაზე შევხვდი - მწვრთნელების, თანაგუნდელების, ხელძღვანელობის, პერსონალის და გულშემატკივრების.
ვიცი, რომ წინ დიდი გზა მელის და მზად ვარ, რომ ყველაფერი გავიღო რათა წარმატებას მივაღწიო. გემშვიდობებით, მაგრამ მჯერა, რომ მომავალში აუცილებლად შევხვდებით. " - დაწერა სალიამ.
შეგახსენებთ, რომ ვახტანგ სალია "დინამო თბილისის" აკადემიის აღზრდილია, მან მიმდინარე ეროვნული ლიგის გათამაშებაში 17 მატჩში მიიღო მონაწილეობა და თავი 1 გოლითა და 2 საგოლე გადაცემით გამოიჩინა.