"ნიუკასლის" შვედი დავდამსხმელი ალექსანდერ ისაკი უკვე დიდი ხანია, რაც კლუბთან ერთად აღარ ვარჯიშობს და კლუბის დატოვება უნდა, თუმცა "ნიუკასლი" მას არ უშვებს და ფეხბურთელის შენარჩუნება სურს.
25 წლის ფეხბურთელი ინგლისის პროფესიონალ ფეხბურთელთა ასოციაციამ გასული სეზონის სიმბოლურ ნაკრებში შეიყვანა, თუმცა ისაკი დაჯილდოვებაზე არ მისულა. მან ამ საკითხთან დაკავშირებით და ბოლო დროს მის გარშემო განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ვრცელი პოსტი გამოაქვეყნა.
"დღეს ცერემონიაზე არ ვიქნები, მინდა კოლეგებს მადლობა გადავიხადო, თუმცა ვთვლი, რომ ყველაფრის გათვალისწინებით ამ საღამოზე დასწრება არასწორი იქნებოდა.
დიდი ხნის განმავლობაში ვიყავი ჩუმად, რამაც სხვა ადამიანებს საშუალება მისცა მოვლენების საკუთარი ვერსიები გაეჟღერებინათ, მიუხედავად იმისა, რომ იციან ეს სიმართლეს არ შეესაბამება და არ ასახავს იმ რეალობას, რომელიც დახურულ კარს მიღმა შეხვედრაზე ითქვა და შეთანხმებული იყო.
რეალობა ისაა, რომ დაპირებები რომლებიც იყო მოცემული მათ დაარღვიეს და მათ დიდი ხანია იციან ჩემი პოზიცია. ახლა ისე მოქცევა, თითქოს ეს პრობლემები მხოლოდ ახლა ჩნდება, შეცდომაში შემყვანია. ამიტომ როდესაც დაპირებები ირღვევა და ნდობა იკარგება, ურთიერთობა ვეღარ გაგრძელდება. სწორედ აქ ამიტომ ვწერ ამ ყველაფერს. ვფიქრობ ცვლილებები ყველას ინტერესებში შედის, და არა მხოლოდ ჩემს.“ - დაწერა ისაკმა.
ფეხბურთელის განცხადებას "ნიუკასლ იუნაიტედის" ოფიციალური გვერდი მალევე გამოეხმაურა.
"იმედგაცრუებულები ვართ, რომ დღეს საღამოს ალექსანდრ ისაკის სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტის შესახებ შეგვატყობინეს.
ჩვენ ნათლად ვაცხადებთ, რომ ისაკს კლუბთან კონტრაქტი აკავშირებს და კლუბის ოფიციალურ პირს არასდროს აუღია ვალდებულება, რომ ალექსს შეუძლია ამ ზაფხულს "ნიუკასლ იუნაიტედი" დატოვოს.
ჩვენ გვსურს ჩვენი საუკეთესო მოთამაშეების შენარჩუნება, მაგრამ ასევე გვესმის, რომ ფეხბურთელებს საკუთარი სურვილები აქვთ და მათ მოსაზრებებს ვუსმენთ. როგორც ალექსს და მის წარმომადგენლებს ავუხსენით, ყველა გადაწყვეტილების მიღებისას ყოველთვის უნდა გავითვალისწინოთ "ნიუკასლ იუნაიტედის" და ჩვენი გულშემატკივრების ინტერესები და ნათლად განვაცხადეთ, რომ ამ ზაფხულს გაყიდვის პირობები არ შესრულებულა.
ჩვენ არ ვვარაუდობთ, რომ ეს პირობები დაკმაყოფილდება. ეს არის ამაყი საფეხბურთო კლუბი, ამაყი ტრადიციებით და ჩვენ ვცდილობთ შევინარჩუნოთ ოჯახური განწყობა. ალექსი ჩვენი ოჯახის ნაწილად რჩება და მას სიამოვნებით დავუბრუნდებით, როდესაც ის მზად იქნება თანაგუნდელებს შეუერთდეს." ნათქვამია "ნიუკასლის" განცხადებაში.
ისაკი „ნიუკასლში“ 2022 წლის ზაფხულიდან თამაშობს. ამ პერიოდში თავდამსხმელმა ყველა ტურნირზე 109 მატჩში მიიღო მონაწილეობა, რომლებშიც 62 ბურთი გაიტანა და 11 საგოლე გადაცემა შეასრულა. ფეხბურთელის ამჟამინდელი შრომითი კონტრაქტი კლუბთან 2028 წლის ზაფხულამდეა ძალაში.