მსოფლიოს 2027 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართველოს ნაკრების ყველა მეტოქე გაირკვა.
ჯერ კიდევ მაისში ჩატარებული წილისყრით ცნობილი იყო, რომ საქართველოს ერთი მეტოქე ესპანეთი იქნებოდა, ხოლო დანარჩენი ორი პრესაკვალიფიკაციო ეტაპზე ირკვეოდა, სადაც ასპარეზობები დღეს დასრულდა.
შედეგად, A ჯგუფი უკრაინამ იპირველა, D ჯგუფში, საიდანაც საქართველოს მეორეადგილოსანი ერგებოდა, დანიამ დაიკავა მეორე პოზიცია, საქართველოს ნაკრების ჯგუფიც (A) დაკომპლექტდა: საქართველო, დანია, უკრაინა და ესპანეთი.
ამ შესარჩევი ეტაპიდან თითოეული ჯგუფიდან სამ-სამი საუკეთესო გუნდი გავა კიდევ ერთ საკვალიფიკაციო წრეში, რომელიც გადამწყვეტი იქნება და სწორედ იქიდან გაირკვევა მუნდიალის მონაწილეები. პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩები 2025 წლის ნოემბრიდან 2026 წლის ივლისამდე გაიმართება.
3-3 საუკეთესო ნაკრები გადაინაცვლებს მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე, სადაც ოთხი ექვსგუნდიანი ჯგუფი შეიქმნება და 3-3 საუკეთესო მსოფლიოს ჩემპიონატზე გავა. ცნობილია, რომ საქართველო თუ პირველ საკვალიფიკაციოს დაძლევს, იქ ნაჩვენები შედეგები მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე გადაჰყვება და მოხვდება B ჯგუფის სამ საუკეთესო ნაკრებთან ერთად (საბერძნეთი, პორტუგალია, მონტენეგრო და პრესაკვალიფიკაციო ეტაპის ერთ-ერთი გუნდი ჩრდ. მაკედონია, რუმინეთი, უნგრეთი).
საქართველოს ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატზე ისტორიაში ერთხელ, 2023 წელს ითამაშა, სადაც კაპო ვერდესა და ვენესუელას აჯობა, სლოვენიასთან დამარცხდა და ჯგუფიდან მეორე ადგილით გავიდა, ტურნირს კი, მეორე ჯგუფურ ეტაპზე გამოეთიშა, სადაც გერმანიისა და ავსტრალიის ნაკრებებთან განიცადა მარცხი.
მსოფლიოს 2027 წლის ჩემპიონატი კატარში 27 აგვისტოდან 12 სექტემბრამდე გაიმართება.