„ნაპოლის“ პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა „პარი სენ-ჟერმენში“ ხვიჩა კვარაცხელიას გაყიდვის მიზეზებზე Corriere Della Sera-სთან ინტერვიუში ისაუბრა.
როგორც მან თქვა, იძულებული იყო ქართველი ფეხბურთელი გაეყიდა, რადგან მისი აგენტი მამუკა ჯუღელი ექმურებოდა და ატყუებდა.
„ეს უნდა გამეკეთებინა, რადგან მისი აგენტი მე-17 მუხლის ამოქმედებით იმუქრებოდა. ქართველის პირველი, შთამბეჭდავი სეზონის შემდეგ, ჩვენ დაუყოვნებლივ გავამახვილეთ ყურადღება კონტრაქტის გახანგრძლივებაზე, მისი ხელფასის გაზრდაზე და მისთვის ძალიან მნიშვნელოვანი თანხის შეთავაზებაზეც კი, რადგან აშკარა იყო, რომ შეზღუდული ანაზღაურება მსოფლიოს ნახევარს მიიზიდავდა, რომლებიც მზად იყვნენ მისთვის ოქროს ხიდების გაეკეთებინათ. მაგრამ მის აგენტს, მამუკა ჯუღელს, სხვა გეგმები ჰქონდა საკუთარი თავისთვის და ფეხბურთელისთვის. მას სურდა, რომ მისთვის ძალიან მაღალი საკომისიო მიეღო სხვა კლუბიდან, კვარასთვის ორნიშნა ხელფასი.
მისი კონტრაქტის მეორე წლის ბოლოს გერმანიაში ევროპის ჩემპიონატი იყო. მანა, კიაველი და მე დიუსელდორფში გავფრინდით საკითხის მოსაგვარებლად, მაგრამ მამუკა განაგრძობდა ყოყმანს და ამტკიცებდა, რომ ჯუნტოლი მას ფული დაჰპირდა, რომელიც არ იყო გადახდილი. ტყუილი, ამის გადამოწმება რთული არ იყო. მაშინ უნდა გამეყიდა, პსჟ-მ კვარა-ოსიმენის პაკეტში 200 მილიონ ევროზე მეტი შემოგვთავაზა. მაგრამ კონტეს დავპირდი, რომ მას შევინარჩუნებდი და არ გავყიდე“, - განაცხადა დე ლაურენტისმა.
შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელია „ნაპოლიში“ 2022 წელს გადავიდა და მას შემდეგ 107 მატჩში 30 გოლი გაიტანა, ხოლო 24-ჯერ საგოლე პასი მიითვალა. მან 2023 წელს სკუდეტო მოიგო, სერია A-ში 2022-2023 წლების სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი, ხოლო ჩემპიონთა ლიგაზე საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი გახდა. ხვიჩამ 4-ჯერ მიიღო სერია A-ში თვის საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდო, 2022-2023 წლების სეზონში იტალიის ჩემპიონატის საუკეთესო გოლის ავტორიც კვარა გახდა.
„პარი სენ-ჟერმენში“ კვარაცხელია იანვარში 70 მილიონ ევროდ გადავიდა და დღემდე 36 მატჩში 8 გოლთან ერთად 7 საგოლე პასი მიითვალა. მან საფრანგეთის ჩემპიონატი, სფრანგეთის თასი, ჩემპიონთა ლიგა და ევროპის სუპერთასი მოიგო.