„ნოტინგემ ფორესტმა“ ტურინის „იუვენტუსიდან“ დუგლას ლუისი დაიმატა. ტრანსფერი ოფიციალურად დადასტურდა.
ბრაზილიელი ინგლისურ კლუბს იჯარით და გამოსყიდვის ვალდებულებით შეუერთდა, ამიტომაც კონტრაქტი 2030 წლის ზაფხულამდე გააფორმა, სეზონში 5 მილიონი ევროს ანაზღაურებით. ტრანსფერის ღირებულება 30 მილიონ ევროს შეადგენს.
დუგლას ლუისი „იუვენტუსმა“ შარშან „ასტონ ვილადან“ 52 მილიონ ევროდ შეიძინა, თუმცა იტალიურ გრანდში ფეხი ვერ მოიკიდა, გასულ სეზონში 27 უგოლო მატჩი ჩაატარა, უმეტესად, მხოლოდ შეცვლებზე თამაშობდა.
კარიერის საუკეთესო პერიოდი მან 2019-2024 წლებში „ასტონ ვილაში“ გაატარა, სადაც 204 თამაშში 22 გოლით გამოირჩა. მანამდე „ჟირონას“, „ვასკო და გამას“ და „მანჩესტერ სიტის“ წევრი იყო. „იუვენტუსი“ დუგლას ლუისის გაყიდვის შემდეგ „ბრაიტონიდან“ მეტ ორილის დამატებას აპირებს.