ფრანგულმა „სტრასბურმა“ მიმდინარე სეზონში ორი ოფიციალური მატჩი ჩაატარა და ორივეში რეკორდი დაამყარა.
ჯერ ლიგა 1-ის პირველ ტურში „მეცთან“ გუნდის ძირითად შემადგენლობაში მყოფი ყველა ფეხბურთელი 2000 წლის შემდეგ იყო დაბადებული, რაც ტოპლიგებში პირველი შემთხვევა იყო. მანამდე არ ყოფილა შემთხვევა, რომ რომელიმე გუნდის ძირითად შემადგენლობაში 1999 წელს ან უფრო ადრე დაბადებული ერთი ფეხბურთელიც არ ყოფილიყო.
ეს განმეორდა კონფერენს ლიგის პლეი-ოფშიც, სადაც „ბროუნდბიუესთან“ (0:0) მოედანზე იგივე 11 ფეხბურთელი გავიდა. დანიელთა წინააღმდეგ ფრანგული გუნდის ყველაზე ასაკოვანი წევრი 22 წლის ხოაკინ პანიჩელი იყო, ხოლო ყველაზე ახალგაზრდები ლუკას ჰოგსბერგი და სამუელ ამო-ამეიავი - ორივე 19 წლის.
„სტრასბურმა“ ახალ სეზონში აქცენტი ახალგაზრდებზე გააკეთა და ჯერჯერობით, ორივე მატჩი ისე ჩაატარა, რომ მეოცე საუკუნეში დაბადებული ფეხბურთელი მოედანზე არ ჰყავდა.