„პარი სენ-ჟერმენიდან“ ჯანლუიჯი დონარუმა გააცილეს. იტალიელი მეკარე „ანჟერთან“ მატჩის (1:0) შემდეგ „პარკ დე პრენსის“ მოედანზე გამოჩნდა და გულშემატკივრებს დაემშვიდობა.
დონარუმამ ფანებისგან დამსახურებული ოვაციები მიიღო და ცრემლებიც ვერ შეიკავა. ჯიჯო სავარაუდოდ, კარიერას „მანჩესტერ სიტიში“ გააგრძელებს. მან პსჟ-სთან კონტრაქტის განახლებაზე შეთანხმებას ვერ მიაღწია, რასაც ტექნიკურად განსხვავებული არჩევანიც დაერთო:
ლუის ენრიკემ დონარუმას ლუკა შევალიე ამჯობინა ფეხით თამაშის უკეთესი უნარების გამო, რასაც ესპანელი მწვრთნელი არ მალავს. მატჩის შემდეგ ინტერვიუში დონარუმას დამშვიდობების სცენაზე დასმულ შეკითხვას ლუის ენრიკემ ნებსით თუ უნებლიედ, თავი აარიდა და ასე უპასუხა: „მნიშვნელოვანია გამარჯვება, რადგან ასეთი დაცვის წინააღმდეგ თამაში ყოველთვის რთულია. მხოლოდ ორი კვირაა ვვარჯიშობთ და მომატება შეგვიძლია“.
პსჟ-ს მწვრთნელმა ეს შეცდომა მოგვიანებით პრესკონფერენციაზე გამოასწორა, სადაც თქვა: „დონარუმასთვის ეს მნიშვნელოვანი მომენტია. სასიამოვნოა, ფანებისგან ასეთი აღიარების ნახვა“.
შეგახსენებთ, რომ ჯანლუიჯი დონარუმამ „პარი სენ-ჟერმენის“ კარი 2021 წლიდან 161-ჯერ დაიცვა, ხოლო გასულ სეზონში ჩემპიონთა ლიგის მოგებაში ძალიან დიდი წვლილი შეიტანა.