საქართველოს ეროვნული ლიგის 22-ე ტურში სამი მატჩი გაიმართა, რომელიც ძალიან მწირშედეგიანობით გამოირჩა და ერთადერთი გოლი გავიდა.
ეს გოლი „დილას“ ფეხბურთელის, აბუბაკარ კონტეს აქტივშია. „დილამ“ სტუმრად ქუთაისის „ტორპედო“ 1:0 დაამარცხა, ხოლო კონტემ მეტოქის კარი 79-ე წუთზე პენალტით დალაშქრა.
გორის „დილა“ 47 ქულით მეორე ადგილზეა და მომდევნო ტურში „თელავს“ შეხვდება. გორელები მხოლოდ ორი ქულით ჩამორჩებიან „იბერიას“, რომელმაც ქულები კვლავ დაკარგა. „ტორპედომ“ ზედიზედ მესამე მოუგებელი თამაში ჩაატარა და 32 ქულით მეხუთეა, წინ „დინამო ბათუმთან“ მატჩი აქვს.
„იბერია“ შინ „დინამო ბათუმს“ დაუპირისპირდა და გუნდები უგოლოდ დაშორდნენ. 37-ე წუთიდან ბათუმელები ნიკა კალანდარიშვილის გაძევების გამო მოედანზე 10 ფეხბურთელით იყვნენ, მაგრამ „იბერიამ“ ამით ვერ ისარგებლა.
გია გეგუჩაძის გუნდი 49 ქულით ლიდერია, მომდევნო ტურში „სამგურალს“ შეხვდება. „დინამო ბათუმი“ 34 ქულით მეოთხეა და „ტორპედოს“ დაუპირისპირდება.
კიდევ ერთი მატჩი დასრულდა უგოლოდ: „თელავი“ – „დინამო თბილისი“. „დინამო“ მეოცე წუთიდან ჯაბა კანკავას გაძევების გამო 10 კაცით თამაშობდა, ხოლო 79-ე წუთიდან სულაც 9 კაცით, რადგან ბარნს ოსეი გააძევეს.
„დინამო თბილისი“ 37 ქულით მესამეა და „გარეჯს“ შეხვდება, ხოლო „თელავს“ 18 ქულა გააჩნია, მეცხრეა და მომდევნო ტურში „დილას“ გაეჯიბრება.