ფეხბურთი

10:20 | 25.08.2025 | ნანახია [] - ჯერ

სატრანსფერო საგიჟეთი - გზა მილიარდებამდე!

ფეხბურთი დიდი ხანია მხოლოდ სპორტის სახეობა აღარაა. ფეხბურთი გახდა გლობალური ინდუსტრია, რომელშიც ყოველწლიურად მილიარდობით დოლარი ბრუნავს. სატელევიზიო უფლებები, სპონსორები, რეკლამა და სოციალურ ქსელებში წარმოქმნილი აუდიტორია ქმნის ფინანსურ სისტემას, სადაც მოთამაშეები და მათი ტრანსფერები ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ეკონომიკური ინსტრუმენტია. თუ 30–40 წლის წინ ფეხბურთელთა ყიდვა-გაყიდვა მხოლოდ სპორტული საჭიროებიდან გამომდინარე ხდებოდა, დღეს ტრანსფერი უკვე ბიზნესის ნაწილია.

ადრე სატრანსფერო თანხები თითქმის სიმბოლური იყო. 1960-70-იან წლებში ფეხბურთელი შეიძლება სულ რაღაც რამდენიმე ათას ფუნტად ან დოლარად გადაბარგებულიყო კლუბიდან კლუბში.

მსოფლიოში პირველი ფეხბურთელი, რომლის ფასმაც მილიონ ფუნტს გადააჭარბა, იტალიელი ჯუზეპე სავოლდია. 1975 წელს, ის „ნაპოლიმ“ „ბოლონიასგან“ 1,2 მილიონ ფუნტად შეიძინა. 1979 წელს კი, ინგლისელი ტრევორ ფრენსისი გახდა პირველი ბრიტანელი ფეხბურთელი, რომელიც ასევე ერთ მილიონ ფუნტზე მეტად იყიდეს - მაშინდელმა გრანდმა „ნოტინგემ ფორესტმა“ „ბირმინგემიდან“ გადაიყვანა თავის რიგებში.

1990-იან წლებში სატელევიზიო უფლებების ზრდამ და ჩემპიონთა ლიგის ახალი ფორმატის გაჩენამ კლუბებს შემოსავალი მნიშვნელოვნად გაუზარდა. სწორედ მაშინ დაიწყო ფეხბურთელთა ფასების მკვეთრი ზრდა. 1997 წელს ბრაზილიელი რონალდო „ბარსელონადან“ „ინტერში“ 27 მილიონ ევროდ გადავიდა, ხოლო 2001 წელს ზინედინ ზიდანის „რეალში“ ტრანსფერმა 77 მილიონი შეადგინა. ეს იყო რეკორდი, რომელმაც იმ დროის მსოფლიო აალაპარაკა.

2009 წელს, „რეალმა“ კრიშტიანუ რონალდო „მანჩესტერ იუნაიტედიდან“ 94 მილიონ ევროდ იყიდა. ეს იყო გარდამტეხი მომენტი და ტრანსფერები საბოლოოდ გადავიდა ასეულმილიონიან ეპოქაში. 2017 წელს კი, ნეიმარი „ბარსელონადან“ „პარი სენ-ჟერმენში“ 222 მილიონ ევროდ გადავიდა და ამ ტრანსფერმა აჩვენა, რომ ზღვარი აღარ არსებობს.

დაბოლოს - 2017-შივე, „ბარსელონამ“ ლიონელ მესის კონტრაქტის გამოსასყიდ თანხად 700 მილიონი ევრო დაასახელა!..

ფეხბურთელთა ტრანსფერების ფასების მატებას რამდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტორი განაპირობებს. მათ შორის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია უკვე ხსენებული სატელევიზიო და მედიაუფლებები. თანამედროვე ფეხბურთის მთავარი შემოსავალი სწორედ სატელევიზიო ტრანსლაციებია. მაგალითად, ინგლისის პრემიერლიგამ 2022 წელს ტელე-უფლებები 10 მილიარდ დოლარზე მეტ თანხად გაყიდა. ეს თანხა პირდაპირ მიდის კლუბებში, რომლებიც შემდეგ მზად არიან უზარმაზარი ფული დახარჯონ ფეხბურთელებში.

დღეს კლუბი მხოლოდ სპორტული ორგანიზაცია აღარაა - ის ბრენდია. „მანჩესტერ იუნაიტედს“, „ბარსელონას“ ან „რეალს“ მთელ მსოფლიოში მილიონობით ადამიანი ქომაგობს. როდესაც ასეთი კლუბი ცნობილ ფეხბურთელს ყიდულობს, ეს მხოლოდ სპორტული გადაწყვეტილება კი არა, მარკეტინგული ინვესტიციაცაა.

ბოლო ათწლეულებში აგენტების გავლენა საოცრად გაიზარდა. მათ საკუთარი ინტერესები აქვთ და ცდილობენ მაქსიმალურად გაზარდონ როგორც სატრანსფერო თანხა, ისე ფეხბურთელის ხელფასი.

გლობალური პანდემიის პერიოდში ფეხბურთელების სატრანსფერო ფასები თითქოს შემცირდა, რადგან კლუბებმა შემოსავალი დაკარგეს. თუმცა 2022 წლის შემდეგ ზრდის ტენდენცია გაგრძელდა. თუკი ადრე მხოლოდ რამდენიმე სუპერვარსკვლავის ფასი იყო ას მილიონ ევრომდე, ახლა, საშუალო დონის ფეხბურთელებშიც 30-50 მილიონის გადახდა სრულიად ჩვეულებრივი ამბავია.

ეკონომისტები და სპორტული ანალიტიკოსები პროგნოზირებენ, რომ 2035 წლისთვის ტრანსფერების მასშტაბები იმდენად მნიშვნელოვნად გაიზრდება, რომ შესაძლოა მილიარდებზეც ავიდეს. დღეს ეს წარმოუდგენლად ჟღერს, მაგრამ ნეიმარში გადახდილი 222 მილიონიდან გზა მილიარდებამდე შესაძლოა არც ისე დიდი იყოს. ახლა ამის წარმოდგენა ნამდვილად რთულია, მაგრამ ვინ იცის?...

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.173466