ცნობილი ესპანური გამოცემა Marca თორნიკე შენგელიაზე წერს, რომ ექიმებმა ესპანეთისა და იტალიის ნაკრებების წინააღმდეგ დასვენება ურჩიეს, მაგრამ მას ნებისმიერ ფასად თამაში სურს.
მოგეხსენებათ, შენგელიას გულის არითმიის გამო მოსამზადებელი ეტაპის უმეტესი ნაწილი გაუცდა. ის გუნდს კვიპროსში უკვე შეუერთდა, მაგრამ იდეალურ კონდიციაში არაა:
„ევრობასკეტზე ესპანეთის პირველ მეტოქე საქართველოს დიდი პრობლემა აქვს. საქართველოს ნაკრებმა მოსამზადებელ ეტაპზე ექვსივე მატჩი წააგო, ხოლო მისი საუკეთესო მოთამაშე და სულისკვეთებით ლიდერი თოკო შენგელია ბარსელონაში იყო, რათა გულის არითმიაზე შემოწმება ჩაეტარებინა, რომელიც 8 აგვისტოს, ესტონეთთან ამხანაგურ მატჩში გამოუვლინდა.
33 წლის კალათბურთელმა, რომელიც ცოტა ხნის წინ „ბარსელონამ“ დაიმატა, გულზე სხვადასხვა სამედიცინო შემოწმება გაიარა. შენგელია ნაკრების შეკრებაზე დაბრუნდა, თუმცა მას სპეციალური ვარჯიშები სჭირდება. ეროვნულ გუნდშიც ამ ეტაპზე 13 კალათბურთელია.
თავდაპირველად ექიმება ურჩიეს, რომ არ ეთამაშა ევრობასკეტის საწყის ორ მატჩში, კერძოდ, ესპანეთისა და იტალიის წინააღმდეგ. თუმცა, კალათბურთელს ნებისმიერ ფასად სურს თამაში და შესაძლოა, იტალიასთან მატჩისთვის მზად იყოს, მაგრამ როგორც ჩანს, სკარიოლოს გუნდთან გახსნით შეხვედრაში ვერ ითამაშებს. თუ ითამაშებს, გარისკავს.
თოკო ყოველთვის უდიდეს ერთგულებას იჩენდა თავისი ეროვნული ნაკრებისა და ქვეყნის მიმართ. იმ კვირებშიც კი, როდესაც ფიბას ფანჯრებისა და ევროლიგის თამაშები ემთხვეოდა ერთმანეთს, ის 24 საათში ორ მატჩს თამაშობდა, ერთს ნაკრებში და მეორეს კლუბში. როდესაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა, ის მოსკოვის ცსკა-ში თამაშობდა, მაგრამ მაშინვე დატოვა გუნდი, რადგან იგრძნო, რომ რუსული არმიის გუნდის ღირსებას ვერ დაიცავდა.
შენგელიამ „ბარსელონასთან“ კონტრაქტი გააფორმა მას შემდეგ, რაც „ვირტუსთან“ ერთად იტალიის ჩემპიონი გახდა. მან სენსაციური თამაშები ჩაატარა ფინალურ სერიაში, მათ შორის ერთ-ერთი, როდესაც ტრავმის მიუხედავად მოედანზე დაბრუნდა. ეჭვგარეშეა, რომ ის ევრობასკეტზე იქნება“, - წერს Marca.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები ევრობასკეტზე ესპანეთის, იტალიის, საბერძნეთის, ბოსნიის და კვიპროსის ნაკრებებს შეხვდება.