კალათბურთი

16:50 | 26.08.2025 | ნანახია [] - ჯერ

თორნიკე შენგელია: "გულმა ცოტა შემაშინა, მაგრამ ამჯერად ყველაფერი რიგზეა"

საქართველოს ნაკრების კაპიტანმა თორნიკე შენგელიამ თავის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ისაუბრა.

როგორც მან თქვა, ძალიან სურს გუნდს პირველივე შეხვედრაში დაეხმაროს, მაგრამ ეს ჯერჯერობით, გადაწყვეტილი არაა.

თორნიკე შენგელია: „ყველაფერი კარგად არის, მადლობა ღმერთს. ცოტა შემაშინა, არ დაგიმალავთ, პირველად დამემართა ცხოვრებაში ასეთი რამ. ამჯერად ყველაფერი რიგზეა, გულზე საფიქრალი იმდენად არაფერია, რადგან ჩემს სხეულზეა დამოკიდებული, რამდენად მოვახერხებ ორ დღეში ფორმაში შესვლას. ორჯერ უკვე ვივარჯიშე, კიდევ ერთი დღეა დარჩენილი. ჩემი სურვილია, რომ პირველივე მატჩში ვითამაშო, ეს ხვალ გვეცოდინება, მაგრამ არ მინდა ხელისშემშლელი ფაქტორი ვიყო, რადგან ჯერ ფორმაში არ ვარ. მინდა, გუნდს დავეხმარო, ყველაფერს ვაკეთებ, იმაზე მეტს, რისი გაკეთებაც შეიძლება. იმედია, პირველ მატჩში ვითამაშებ, თუ არადა, მეორე მატჩისთვის მზად ვიქნები“.

შენგელიას გარდა კომენტარი გააკეთეს ალეკსანდარ ჯიკიჩმა, დუდა სანაძემ და გიორგი შერმადინმა.

ალეკსანდარ ჯიკიჩი: "იმედია, იმ თამაშებში, რომლებიც ჩვენთვის მნიშვნელოვანია, მთელი გუნდი გვეყოლება. ჯერჯერობით თამაშამდე სრული შემადგენლობით არცერთი ვარჯიში არ გვქონია, სხვადასხვა გარემოების გამო ასე გამოვიდა, მაგრამ ვფიქრობ, ბიჭები მოტივირებულები არიან, აქვთ ენერგია და სურთ დაამტკიცონ, რომ იმსახურებენ მეორე ეტაპზე გასვლას“.

დუდა სანაძე: „განწყობა საბრძოლოა, რთული გზა გამოვიარეთ, ამხანაგური მატჩებიდან ბევრი პოზიტივი და ნეგატივი ავიღეთ. ბევრი მიზეზი იყო, რის გამოც ამხანაგური მატჩები ცუდად ჩავატარეთ, მაგრამ ახლა მზად ვართ. სერიოზული ტრავმა არავის აწუხებს, თორნიკე შენგელიაც შემოგვიერთდა და დღითიდღე უმატებს და ვნახოთ, როგორ იქნება. ყველა თამაშში მოედანზე საბრძოლველად გავდივართ“.

გიორგი შერმადინი: „ძალიან კარგი შეკრება გავიარეთ. პრობლემა ის იყო, რომ მთელი შემადგენლობით ვერ ვითამაშეთ ამხანაგური მატჩები. ახლა კვიპროსში მთელი შემადგენლობით ვართ და რაც გვაქვს მიზნად დასახული, ჯგუფიდან გავალთ. გულშემატკივრების იმედიც გვაქვს“.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატის პირველ ტურში 28 აგვისტოს, თბილისის დროით 16:00 საათზე ესპანეთის ნაკრებს შეხვდება. ჯგუფში ასევე არიან იტალიის, საბერძნეთის, ბოსნიისა და კვიპროსის ნაკრებები.

0.10203