"პარი სენ-ჟერმენის" ფეხბურთელმა უსმან დემბელემ FourFourTwo-თან ინტერვიუ ჩაწერა, სადაც ფრანგმა ფეხბურთელმა "ბარსელონაში" ყოფნისა და ლიონელ მესის გვერდით გატარებული პერიოდი გაიხსენა. დემბელეს თქმით, არგენტინელის რჩევამ მისი ცხოვრება შეცვალა და დიდი დამსახურებაა, რომ ახლა ოქროს ბურთის მოგების ერთ-ერთი პრეტენდენტია.
„როდესაც "ბარსელონაში" გადავედი, პირველივე დღიდან მესისთან ძალიან კარგი ურთიერთობა ჩამომიყალიბდა.გასახდელ ოთახში ჩემი კარადა მის გვერდით იყო და ბევრ რჩევას მაძლევდა. ის იყო ადამიანი, რომელმაც ინსტინქტურად იცოდა, რა გინდოდა. ერთ დღეს, მესიმ მითხრა, რომ თუ ჩემი ოცნებების რეალობად ქცევა მსურდა, უნდა სერიოზული ვყოფილიყავი. ამის შემდეგ, ვუყურებდი და ვსწავლობდი იმას, რასაც მოედანზე აკეთებდა. ის ხან 10-ნომრად ან 9-ნომრად თამაშობდა და მისი პოზიციონირება თამაშის დროს განსაკუთრებული იყო, თითქოს მოედანზე უხილავი იყო. ზოგჯერ მას ოთხი ან ხუთი წუთის განმავლობაში ვერ ხედავ, შემდეგ კი, როგორც კი ბურთს მიიღებს, ინსტინქტურად იცის, რა უნდა გააკეთოს. მესი განსაკუთრებულია და ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელია. მე ჩემს შვილს უკვე ვეუბნები, რომ მქონდა ბედნიერება მის გვერდით მეთამაშა." - განაცხადა დემბელემ.
უსმან დემბელე "ბარსელონაში" 2017 წელს "დორტმუნდიდან" გადავიდა. ფრანგმა ფეხბურთელმა ლიონელ მესის გვერდით ოთხი სეზონის განმავლობაში 95 მატჩში ითამაშა, შემდეგ კი არგენტინელი სუპერვარსკვლავი 2021 წელს პსჟ-ში გადავიდა.
შეგახსენებთ, რომ უსმან დემბელემ გასული სეზონი შთამბეჭდავად ჩაატარა და პსჟ-ს წარმატებაში დიდი როლი ითამაშა. ფრანგი ფეხბურთელი 2025 წლის ოქროს ბურთის მოგების მთავარი ფავორიტია.