ესპანეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა სერჯო სკარიოლომ ევროპის ჩემპიონატის წინ პრესკონფერენცია გამართა.
მან საქართველოს ნაკრებიც შეაქო და ხაზი გაუსვა, რომ რთულ თამაშს ელოდება:
„ადგილი ულამაზესია, ინფრასტრუქტურა და კურორტი ფანტასტიკურია, საკვები გემრიელია და მოთამაშეები ფორმაში არიან. მოედანზე ბრძოლის დროა. კარგად მოვემზადეთ. ახლა ყველაზე რთული ნაწილი მოდის. ტურნირის დაწყებამდე არასდროს მქონია ცუდი წინათგრძნობა ამ გუნდის მიმართ. თითოეულმა მოთამაშემ ყურადღებით უნდა გადახედოს თავის დავალებებს და ნათლად იცოდეს, რა უნდა გააკეთოს. დაისვენოს, კონცენტრირდეს და ტურნირი დამატებითი ზეწოლის გარეშე დაიწყოს, მაგრამ იმის გაცნობიერებით, რომ ამ ჯგუფში ამოცანა ძალიან რთული იქნება.
გულწრფელად რომ ვთქვა, არ ვფიქრობ, რომ მთელი საკალათბურთო სამყარო სულელია. ვფიქრობ, რომ ეს რეიტინგი უფრო მეტად მოთამაშეთა ინდივიდუალურ სტატუსზეა დაფუძნებული. თუ ისინი ფიქრობენ, რომ ტურნირზე მე-10 ნაკრები ვართ, ეს მათი საქმეა. ჩვენ ყოველთვის გამოვირჩეოდით გუნდური სულისკვეთებით და კონკურენციით. გარდა ამისა, ესპანელ მოთამაშეს ყოველთვის მაღალი ინტელექტულური დონე აქვს. უნდა გამოვიყენოთ ეს ინსტრუმენტები. ცხადია, კმაყოფილი ვარ იმ მოთამაშეებით, რომლებიც მყავს, გულწრფელად რომ ვთქვათ.
საქართველოს ნაკრებს დიდ პატივს ვცემთ და დარწმუნებული ვარ, რომ დაძაბული თამაში იქნება. ვიცნობთ, რადგან მათ წინააღმდეგ გვითამაშია. ისინი შესანიშნავები არიან, ჰყავთ NBA-ს მოთამაშეები, შერმადინის მსგავსი ლეგენდები და ბოლდუინის მსგავსი მოძრავი მცველი. თამაშს ჭკვიანურად უნდა მივუდგეთ“, - თქვა სკარიოლომ.
პრესკონფერენციაზე ასევე იყო ვილი ერნან გომესი, რომელმაც საქართველოს ნაკრებზეც გააკეთა კომენტარი და ზოგადად, ესპანეთის ნაკრების შანსზე ტურნირზე:
„მათ ჰყავთ ძლიერი მოთამაშეები. ფსიქოლოგიურად უნდა ვიყოთ მომზადებული, რადგან ვიცით, რომ ეს ბრძოლა იქნება. უნდა ვიბრძოლოთ, იღბალიც საჭიროა და ყოველდღე ვიშრომებთ. ვნახოთ, შევძლებთ თუ არა, გამარჯვებით დაწყებას. მცირე დეტალები გადამწყვეტ როლს ითამაშებს, მაგრამ ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ და ერთმანეთს ვენდობით“, - აღნიშნა ერნან გომესმა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და ესპანეთის ნაკრებთა მატჩი 28 აგვისტოს, თბილისის დროით 16:00 საათზე გაიმართება.