კალათბურთში ევროპის 2025 წლის ჩემპიონატი დაიწყო, სადაც პირველი ტურის მატჩები A და B ჯგუფში გაიმართა.
A ჯგუფში მასპინძელი ლატვიის ნაკრები თურქეთთან 20 ქულით, 73:93 დამარცხდა. თურქებმა თავიდანვე მოიპოვეს უპირატესობა, მეტოქეს ოთხივე პერიოდში აჯობეს და გამარჯვება ეჭვქვეშ არ დაუყენებიათ.
თურქეთის ნაკრებში ჩედი ოსმანი იყო საუკეთესო 20 ქულით, ხოლო ლატვიის ნაკრებში რიჰარდს ლომაში გამოირჩა 16 ქულით.
ამ ჯგუფში პორტუგალიამ ჩეხეთს ძალიან ადვილად 62:50 აჯობა. მოგეხსენებათ, ჩეხეთთან საქართველოს ნაკრებმა ორი ამხანაგური შეხვედრა წააგო. ევრობასკეტის მთავარმა ფავორიტმა სერბეთმა ესტონეთი როგორც მოსალოდნელი იყო, ძალიან ადვილად დაამარცხა - 98:64. ნიკოლა იოვიჩი 18 ქულით და 6 პასით გამოირჩა, ხოლო 13 ქულა ჰქონდა ალეკსა ავრამოვიჩს. A ჯგუფის მეორე ტურში 29 აგვისტოს, პორტუგალია სერბეთს, თურქეთი ჩეხეთს და ესტონეთი - ლატვიას დაუპირისპირდება.
B ჯგუფში გერმანიის ნაკრებმა მონტენეგროს ძალიან ადვილად 106:76 აჯობა. გარდამტეხი მესამე პერიოდი იყო, რომელიც გერმანიამ 21 ქულით მოიგო და საქმის ბოლომდე მიყვანა აღარ გასჭირვებია.
მონტენეგროს ნიკოლა ვუჩევიჩმა ვერ უშველა, რომელიც 23 ქულით, 10 მოხსნით და 5 პასით ორივე გუნდში საუკეთესო იყო. გერმანიას ფრანც ვაგნერმა 22 ქულით და 8 მოხსნით ულიდერა, ხოლო დენის შრიოდერის აქტივში 21 ქულა და 4 პასი იყო.
ამავე ჯგუფში ლიეტუვის ნაკრებმა დიდი ბრიტანეთის ძლევა მოლოდინისამებრ ადვილად მოახერხა - 94:70. ფინეთმა ძალიან დრამატულ და დაძაბულ ბრძოლაში 93:90 დაამარცხა შვედეთი და ევრობასკეტი მოგებით დაიწყო. B ჯგუფის მეორე ტურში მატჩები 29 აგვისტოს გაიმართება: გერმანია-შვედეთი, ლიეტუვა-მონტენეგრო და ფინეტი-დიდი ბრიტანეთი.
მანამდე ხუთშაბათს C და D ჯგუფის გუნდებიც ჩაერთვებიან ჩემპიონატში, მათ შორის, საქართველოს ნაკრებიც, რომელიც 16:00 საათზე ესპანეთს შეხვდება.