კალათბურთი

18:05 | 28.08.2025 | ნანახია [] - ჯერ

ევრობასკეტი ტრიუმფით დაიწყო: საქართველომ ესპანეთი უშანსოდ დაამარცხა!

ისტორია დაიწერა, კიდევ ერთხელ საქართველოს ნაკრების მიერ, რომელმაც ევროპის მოქმედი ჩემპიონი ესპანეთი 14 ქულით დაამარცხა.

ამრიგად, საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატი ბრწყინვალედ და იდეალურად დაიწყო - ესპანეთის ნაკრებთან ისტორიული გამარჯვებით!

ალეკსანდარ ჯიკიჩის გუნდმა მოსამზადებელ ეტაპზე მძიმე შთაბეჭდილება დატოვა, ექვსიდან ექვსი სპარინგი წააგო, თორნიკე შენგელიაც ფორმაში არაა და თითქოს, ესპანეთთან უშანსოდ იყო, მიუხედავად იმისა, რომ პირინელებს თაობათა ცვლის პროცესი აქვთ.

თუმცა, ლიმასოლში საქართველოს ნაკრებმა სერჯო სკარიოლოს გუნდს ნამდვილი გაკვეთილი ჩაუტარა და კითხვის ნიშნების გარეშე მოუგო.

საქართველომ თავიდანვე მოიპოვა უპირატესობა და პრაქტიკულად მთელი თამაშის განმავლობაში იგებდა. ესპანეთი ერთადერთხელ, მეორე პერიოდის დასრულებამდე ერთი წუთით ადრე გავიდა წინ (33:32)! ესეც ბევრ რამეზე მეტყველებს. დანარჩენ შემთხვევაში საქართველო სულ იგებდა. პირველი ტაიმი ორი ქულით მოივეგთ, მაგრამ საკვანძო მესამე პერიოდი იყო, რომელშიც ჯიკიჩის გუნდმა მეტოქეს 20:14 აჯობა და საქმის ბოლომდე მიყვანა აღარ გასჭირვებია.

საბოლოოდ, საქართველოს ნაკრებმა 14 ქულით, 83:69 გაიმარჯვა. თორნიკე შენგელიამ ითამაშა, თუმცა, დიდად არ დატვირთულა - 19 წუთი გაატარა პარკეტზე. ამ დროშიც კაპიტანი ძალიან ნაყოფიერი იყო: 13 ქულა, 2 მოხსნა, 1 პასი.

საქართველოს ნაკრებში საუკეთესო სანდრო მამუკელაშვილი იყო, რომელმაც 31 წუთში 19 ქულა, 7 მოხსნა და 6 პასი მიითვალა. გოგა ბითაძე 23 წუთში 15 ქულა და 5 მოხსნა დააგროვა, კამარ ბოლდუინმა 12 ქულა და 4 პასი მიითვალა, დიდა სანაძემ 11 ქულა, ბექა ბურჯანაძემ 7, გიორგი შერმადინმა 4, ხოლო რტი ანდრონიკაშვილმა - 2.

საქართველოს ნაკრებმა ესპანეთი ისტორიაში მეორედ დაამარცხა და ევრობასკეტ 2025 მოქმედი ევროპის ჩემპიონის ძლევით დაიწყო. სტარტი მართლაც დამაიმდებელი და იდეალურია, უკეთესს რომ ვერავინ ინატრებდა.

საქართველო - ესპანეთი 83:69 (20:17, 17:18, 20:14, 26:20)

სტატისტიკა სრულად...

საქართველოს ნაკრების კალენდარი ევრობასკეტის ჯგუფურ ეტაპზე ასეთია:

იტალია - საქართველო (30 აგვისტო, 16:00 საათი)

საქართველო - საბერძნეთი (31 აგვისტო, 16:00 საათი)

კვიპროსი - საქართველო (2 სექტემბერი, 19:15 საათი)

ბოსნია - საქართველო (4 სექტემბერი, 16:00 საათი)

0.168331