საქართველოს ნაკრების კალათბურთელმა გოგა ბითაძემ ევროპის ჩემპიონატზე ესპანეთთან გამარჯვების (83:69) შემდეგ კომენტარი გააკეთა.
„გუნდური გამარჯვებაა. თამაშის ბოლოს იყო ჩავარდნები, მაგრამ დავრჩით ერთად, რაც ჩვენი სუპერძალაა და ამის წყალობით მოვიგეთ. მადლობა ბიჭებს და გუნდს. ყველა გუნდთან მოსაგებად გავდივართ, ამდენმა შრომამ, თავდადებამ, ვარჯიშმა და რწმენამ მოგვაგებინა ეს თამაში. ძალიან დიდი გამარჯვებაა და მადლობა ყველას გულშემატკივრობისთვის.
ყოველდღე ვამბობდით, რომ აქ ყველა თამაშის მოსაგებად ვართ. ნამდვილად ერთად დავრჩით და ქართული სული გამოვავლინეთ და ყველას შრომამ შედეგი გამოიღო. სამუშაო ჯერ არ დასრულებულა, ახლა ჩვენი რწმენა მაღალია, რომ ნებისმიერი გუნდის დამარცხება შეგვიძლია", - თქვა ბითაძემ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები მომდევნო მატჩს 30 აგვისტოს, თბილისის დროით 16:00 საათზე იტალიასთან გამართავს.