კონფერენს ლიგაზე თამაშის უფლება ანზორ მექვაბიშვილის „კრაიოვამ“ მოიპოვა, რომელმაც თურქული „ბაშაკშეჰირი“ ორი მატჩის ჯამში 5:2 დაამარცხა - სტუმრად 2:1 და დღეს შინ 3:1.
მექვაბიშვილი თამაშში 77-ე წუთზე ჩაერთო და ოთხ წუთში საგოლე პასი გააკეთა. მისი გადაცემით სტივენ ნსიმბამ საბოლოო ანგარიში დააფიქსირა. მექვაბიშვილს შესანიშნავი სტატისტიკა აქვს - 6 საგოლე პასი მიმდინარე სეზონში (4 რუმინეთის ჩემპიონატში და 2 კონფერენს ლიგაზე).
კონფერენს ლიგაზე გავიდა გაბრიელ სიგუას „ლოზანა“, რომელმაც მოულოდნელად სტამბოლის „ბეშიქთაშს“ აჯობა. პირველი მატჩი შვეიცარიაში 1:1 დასრულდა, ხოლო სტამბოლში „ლოზანამ“ 1:0 მოიგო. სიგუა მოედანზე 67-ე წუთზე შევიდა.
კონფერენს ლიგაზე გავიდა დონეცკის "შახტარიც", რომელმაც ჟენევაში "სერვეტს" დამატებით დროში 2:1 აჯობა, ხოლო ირაკლი აზაროვი მოედანზე მე-100 წუთზე გამოჩნდა.
ევროპა ლიგაზე ითამაშებს ლუკა გუგეშაშვილის „პაოკი“, რომელმაც ხორვატული „რიეკა“ სტუმრად მარცხის (0:1) შემდეგ შინ 5:0 გაანადგურა. ქართველი მეკარე სათადარიგო სკამზე იყო. სამწუხაროდ, ლუკა „პაოკში“ მეორე მეკარის როლშია.
ევროპა ლიგის პლეი-ოფში გურამ კაშიას „სლოვანი“ ბერნის „იანგ ბოიზთან“ ორივე მატჩში დამარცხდა (0:1, 1:3) და კონფერენს ლიგის ფაზის ეტაპზე ითამაშებს. ქართველი მცველი დღევანდელ შეხვედრაში მოედანზე 56 წუთის განმავლობაში იყო.