ფეხბურთი

20:20 | 29.08.2025 | ნანახია [] - ჯერ

ფრანგული მედია: გიორგი მიქაუტაძე "ვილიარეალთან" ერთ ნაბიჯშია!

საქართველოს ნაკრებისა და ლიონის თავდამსხმელი გიორგი მიქაუტაძე კარიერას „ვილიარეალში“ გააგრძელებს. ასეთია ბოლო ცნობები ფრანგული მედიის მხრიდან.

ჟურნალისტი საშა ტავოლიერი და RMC Sport-ი იტყობინებიან, რომ გიორგი ერთ ნაბიჯშია ესპანურ კლუბში გადასვლასთან. როგორც ჩანს, მონაკოში კლუბების წარმომადგენლების შეხვედრა შედეგიანი გამოდგა და დღეს საღამოს საბოლოოდ, ყველა დეტალზე შეთანხმდებიან. სამედიცნო შემოწმებას ქართველი ხვალ, შაბათს, გაივლის.

მიქაუტაძე „ვილიარეალთან“ ხუთწლიან კონტრაქტზე შეთანხმებულია, ხოლო ტრანსფერის ღირებულება 25 მილიონი ევრო, პლუს 5 მილიონი ევროს ბონუსი იქნება - მთლიანობაში 30 მილიონი ევრო.

აღსანიშნავია, რომ თუ "ვილიარეალი" 30 მილიონ ევროდ იყიდის მიქაუტაძეს, ის ამ კლუბის ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული შენაძენი გახდება. ამჟამად "ვილიარეალის" ყველაზე ძვირადღებული შენაძენი რენატო ვეიგაა, რომლის სანაცვლოდ რამდენიმე დღის წინ 28 მილიონი გადაიხადა.

დღეს „ლიონის“ სპორტულმა დირექტორმა მატიე ლუი-ჟანმა ასეთი კომენტარი გააკეთა გიორგის ტრანსფერზე და როგორც ჩანს, მას შემდეგ სიტუაცია კიდევ შეიცვალა:

„გაყიდვების გეგმა სრულად ვერ შესრულდა, მაგრამ ბოლო დღეებში შეიძლება გარკვეული ძვრები იყოს და ფეხბურთელებზე, მათ შორის, მიქაუტაძეზე თავდასხმა განხორციელდეს. საერთოდ არ ვამბობ, რომ ის აუცილებლად გაიყიდება, მაგრამ ვსწავლობთ და გადაწყვეტილებას მივიღებთ. ბაზარს არ ვაკონტროლებთ და კონტაქტზე ვართ კლუბებთან, რომლებსაც ჩვენი ფეხბურთელები სურთ“.

ზაფხულის განმავლობაში მიქაუტაძის ტრანსფერზე არაერთი ინფორმაცია გავრცელდა. შემდეგ თითქოს, ის „ლიონისთვის“ ხელშეუხებელიც იყო, მაგრამ ბოლო დღეებში სიტუაცია შეიცვალა - ფრანგულ კლუბს 40 მილიონი ევროს შემოსავალი სჭირდება და გაყიდვის მთავარი კანდიდატი სწორედ 24 წლის ქართველი ფორვარდია. გიორგი „ბარნლის“, „ბრენტფორდს“, „ასტონ ვილასა“ და „ნეომსაც“ დაუკავშირეს.

„ვილიარეალი“ ჩემპიონთა ლიგაზე თამაშობს, სადაც ფაზის ეტაპზე „მანჩესტერ სიტის“, „დორტმუნდს“, „იუვენტუსს“, „ლევერკუზენს“, „აიაქსს“, „ტოტენჰემს“, „კოპენჰაგენსა“ და „პაფოსს“ უნდა შეხვდეს, ხოლო ლა ლიგაში ორ ტურში 6 ქულა მოიპოვა.

გიორგი მიქაუტაძეს „ლიონთან“ კონტრაქტი 2028 წლის ზაფხულამდე აკავშირებს. მიმდინარე სეზონში მან ორ მატჩში 1 გოლი გაიტანა, ხოლო გასულ სეზონში 47 შეხვედრაში 17 გოლით და 11 საგოლე პასით გამოირჩა.

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.164502