მაშ ასე: გიორგი მიქაუტაძე „ვილიარეალის“ ფეხბურთელი გახდება. ტრანსფერზე ყველაფერი შეთანხმებულია.
ფაბრიციო რომანოც ადასტურებს, რაც იმის მაუწყებელია, რომ მხოლოდ ოფიციალური განცხადება დარჩა. რომანო წერს დეტალებზე: მიქაუტაძე „ვილიარეალში“ შაბათს ჩავა, კვირას კი სამედიცინო შემოწმებაა ჩანიშნული, შემდეგ ხუთწლიან კონტრაქტს გააფორმებს. ტრანსფერის ღირებულება 30 მილიონი ევროა („ლიონმა“ ის შარშან „მეციდან“ 18.5 მილიონად შეიძინა).
30 მილიონი ევრო - შედეგად მიქაუტაძე „ვილიარეალის“ ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული შენაძენი იქნება. რამდენიმე დღის წინ ესპანურმა კლუბმა 28 მილიონად პორტუგალიელი მცველი რენატო ვეიგა იყიდა, ჯერჯერობით, ისაა რეკორდსმენი, მაგრამ მალე მიქაუტაძე იქნება.
ზაფხულის განმავლობაში მიქაუტაძის ტრანსფერზე არაერთი ინფორმაცია გავრცელდა. შემდეგ თითქოს, ის „ლიონისთვის“ ხელშეუხებელიც იყო, მაგრამ ბოლო დღეებში სიტუაცია შეიცვალა - ფრანგულ კლუბს 40 მილიონი ევროს შემოსავალი სჭირდება და გაყიდვის მთავარი კანდიდატი სწორედ 24 წლის ქართველი ფორვარდი გახდა. გიორგი „ბარნლის“, „ბრენტფორდს“, „ასტონ ვილასა“ და „ნეომსაც“ დაუკავშირეს, თუმცა ყველას „ვილიარეალმა“ აჯობა.
„ვილიარეალი“ ჩემპიონთა ლიგაზე თამაშობს, სადაც ფაზის ეტაპზე „მანჩესტერ სიტის“, „დორტმუნდს“, „იუვენტუსს“, „ლევერკუზენს“, „აიაქსს“, „ტოტენჰემს“, „კოპენჰაგენსა“ და „პაფოსს“ უნდა შეხვდეს, ასე რომ, არაერთ გრანდთან ითამაშებს, მაგრამ „აიაქსთან“ მისი დაპირისპირება განსაკუთრებით გამოსარჩევი იქნება, ხოლო ლა ლიგაში „ვილიარეალმა“ ორ ტურში 6 ქულა მოიპოვა.
გიორგი დემეტრაძის (სოსიედადი), შოთა არველაძის (ლევანტე), გიორგი ქოჩორაშვილისა (ლევანტე) და გიორგი მამარდაშვილის (ვალენსია) შემდეგ მიქაუტაძე მეხუთე ქართველი იქნება, ვინც ესპანეთის ლა ლიგაში ითამაშებს.
გიორგი მიქაუტაძეს „ლიონთან“ კონტრაქტი 2028 წლის ზაფხულამდე აკავშირებდა. მიმდინარე სეზონში მან ორ მატჩში 1 გოლი გაიტანა, ხოლო გასულ სეზონში 47 შეხვედრაში 17 გოლით და 11 საგოლე პასით გამოირჩა. მთლიანობაში მშობლიურ კლუბში 49 შეხვედრაში 18 გოლით და 11 საგოლე პასით შეძლო თავის გამოჩენა. მიქაუტაძეს უთამაშია ბელგიურ „სერენში“, ამსტერდამის „აიაქსში“ და „მეცში“, ხოლო საქართველოს ნაკრებში 37 მატჩში 20 გოლი გაიტანა.