იტალიის სერია A-ს მეორე ტურში „მილანმა“ „ლეჩე“ დაამარცხა და პირველი გამარჯვება მოიპოვა.
„როსონერის“ გაუჭირდა, მაგრამ მძიმედ მაინც მოიგო. მეორე ტაიმში გავიდა ორივე გოლი: ჯერ ლუკა მოდრიჩის პასით ანგარიში რუბენ ლოფტუს-ჩიკმა გახსნა, რითაც მოდრიჩი გახდა ყველაზე ასაკოვანი ფეხბურთელი (39 წლის), ვისაც სერია A-ში საგოლე პასი გაუკეთებია, ყოველ შემთხვევაში, 2004 წლიდან, რაც Opta ამ სტატისტიკას ითვლის.
86-ე წუთზე „ლეჩეს“ მცველების შეცდომა კრისტიან პულიშიჩმა გამოიყენა, რომელმაც ზუსტად დაარტყა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 0:2.
„მილანს“ ორ ტურში 3 ქულა გააჩნია, 14 სექტემბერს კი „ბოლონიას“ უმასპინძლებს.