RMC Sport-ის მიმომხილველმა კევინ დიასმა „ვილიარეალში“ გიორგი მიქაუტაძის მოსალოდნელ ტრანსფერზე კომენტარი გააკეთა.
როგორც მან თქვა, ეს სიტუაცია ფრანგული ფეხბურთისთვის სამწუხაროა, რადგან ახლა მთავარი ფინანსური ბალანსია და არა სპორტული კონკურენტუნარიანობა:
„ჩვენ ისეთ სიტუაციაში ვართ, სადაც ფეხბურთელს წასვლა არ სურს, არც მწვრთნელს და არც კლუბს უნდა მისი გაშვება, მაგრამ მიქაუტაძე მაინც მიდის. კლუბები გამარჯვებისთვის აღარ არსებობენ, ისინი იქ ბუღალტრული აღრიცხვის დასაბალანსებლად არსებობენ. ეს სამწუხარო და ძალიან სერიოზული სიტუაციაა ფრანგული ფეხბურთისთვის“, - თქვა დიასმა.
შეგახსენებთ, რომ გიორგი მიქაუტაძე „ვილიარეალში“ 30 მილიონ ევროდ გადავა და ესპანური კლუბის ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული შენაძენი გახდება. ქართველი ფეხბურთელი ვილიარეალში დღეს უნდა ჩავიდეს და კვირას სამედიცინო შემოწმების შემდეგ კონტრაქტს გააფორმებს.
გიორგი მიქაუტაძემ „ლიონში“ მხოლოდ ერთი წელი ითამაშა, რომლის განმავლობაში 49 მატჩში თავი 18 გოლით და 11 საგოლე პასით გამოიჩინა.